სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს.
"სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება. სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.