26 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
კობახიძის თქმით, ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხში NGO-ები მთავარი მუხრუჭის როლს ასრულებენ - როგორია არასამთავრობოების და ოპოზიციის პოზიცია ბრალდებებზე

მმართველი გუნდის თავმჯდომარე მესამე სექტორს ევრორეკომენდაციების შესრულების შემაფერხებელ რგოლად მიიჩნევს. ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის შემდეგ, ფაშიზმში არასამთავრობოების ნაწილიც დაადანაშაულა. მმართველი გუნდის ლიდერმა თქვა, რომ NGO-ების მხრიდან პოლიტიკოსების ბულინგი და პროცესებზე ნეგატიური გავლენის მოხდენის სურვილი - სახალხო დამცველის არჩევის დროს, კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა.

პარტიის ლიდერის სიტყვები დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებმაც გაიზიარეს. სახელისუფლებო ძალა სამოქალაქო სექტორის მთავარ მიზნად - საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებას ასახელებს. ამბობენ, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში NGO-ები მხოლოდ ნეგატიურ როლს ასრულებენ.

უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართულ სტიგმატიზებას ემსახურება - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის პოზიცია. მესამე სექტორში განმარტავენ, რომ ევრორეკომენდაციების შესასრულებლად, მნიშვნელოვანია პროცესები ყველა აქტორის ჩართულობით მიმდინარეობდეს. ხელისუფლების რიტორიკა კი ამის შესაძლებლობებს ამცირებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებში, დღეს, ისიც თქვეს, რომ ევროგაერთიანების დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლებაა. თუმცა, მმართველი გუნდის სურვილის შემთხვევაში, მზად არიან საკანონმდებლო პროცესებში ნებისმიერ დროს ჩაერთონ.

არასამთავრობოებს მხარდაჭერას ოპოზიციურ ფლანგზეც უცხადებენ. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ომბუდსმენის არჩევის დროს მესამე სექტორის მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა. ოპონენტები ხელისუფლებას პრიორიტეტების შეცვლას და ევრორეკომენდაციების შესრულებაზე ორიენტირებას ურჩევენ.

არასამთავრობოების როლი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში დღის ბოლოს ნეგატიურად შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილის აზრით,NGO-ების მცირე ნაწილი სექტორის სხვა წარმომადგენლებზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს, რაც საკანონმდებლო პროცესში მათი ინტეგრაციას მნიშვნელოვნად აფერხებს.

არასამთავრობოებისა და ოპონენტების მიმართ ბრალდებები მმართველმა გუნდმა 7-9 მარტის მოვლენების შემდგომ განვითარებული პროცესების შეფასების დროს გააჟღერა.

დღის ამბები