საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) შეხვედრაზე სიტყვით წარდგა და საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის შესახებ ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, 2014 წლიდან საქართველო ახორციელებს ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების ჰარმონიზებასა და ტრანსპოზიციას ეროვნულ კანონმდებლობაში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედებს ახალი კანონმდებლობა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, მიმდინარეობს ელექტროენერგეტიკის ბაზრის რეფორმირება, რომლის მიზანიცაა ახალი, კონკურენტული და გამჭვირვალე ბაზრის შექმნა. ახალი ბაზარი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება არსებული მოდელისგან. სემეკი რეფორმირების პროცესში ერთ-ერთი ძირითადი უწყებაა, რომელიც პასუხისმგებელია ახალი ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნასა და დახვეწაზე. ამ პროცესში, ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით სხვა ქვეყნის გამოცდილებებს და მნიშვნელოვანია არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას.
13-14 მარტს, ბელგიაში, ქ. ბრიუსელში EU4Energy-ს ორგანიზებით ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელი პირები, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორიატის, ევროკომისიის ენერგეტიკის გენერალური დირექტორიატის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სუფთა ენერგიების პაკეტის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები, ევროკავშირის პოლიტიკა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში განსახორციელებელი პროექტები. შეხვედრის მიზანი იყო რეგიონული თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის მოთხოვნებთან.
R