26 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ გამოხატა შემართება, შეუერთდეს ევროკავშირს... კანონპროექტების გაწვევა გამამხნევებელი და პოზიტიური ნიშანია - ოლივერ ვარჰეი

ორივე კანონპროექტის გაწვევა არის პოზიტიური და გამამხნევებელი ნიშანი, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ქართველების მომავალი ევროკავშირშია და საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები, დაიცვას ღირებულებები.

"გასულ დღეებში ათასობით ქართველმა ისარგებლა მშვიდობიანი შეკრების და პროტესტის უფლებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შეახებ“ კანონის პირველი მოსმენით დამტკიცების წინააღმდეგ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალები და კაცები გავიდნენ ქუჩებში. მათ ხელში ეჭირათ ევროპული დროშები, რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ მათი ერთგულება დემოკრატიისადმი, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისადმი. ამ დემონსტრაციების შემდეგ მმართველმა პარტიამ გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ, გაიწვიოს კანონი და მომდევნო დღეს პარლამენტმა კენჭისყრაზე ეს კანონი ჩააგდო. ორივე კანონპროექტის გაწვევა არის პოზიტიური და გამამხნევებელი ნიშანი.

ქართველებს აქვთ მომავალი ევროკავშირში. ევროპულმა პერსპექტივამ, რომელიც საქართველოს შარშან ივნისში მიენიჭა, ურთიერთობები უფრო ახლო კურსზე გადაიყვანა, ევროკავშირის გაფართოების ჩარჩოში, რაც დაფუძნებულია ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, რომელიც განმტკიცებულია ასოცირების შეთანხმებით. ევროპული გზა მაღალ თამასას აწესებს, რაც ეხება სტანდარტებს საქართველოში. საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები და დაიცვას ღირებულებები. ამას თან მოსდევს გაზრდილი ყურადღება და მონიტორინგი, რეფორმების გატარების საჭიროება, ის ასევე უზრუნველყოფს უფრო ფართო ინსტრუმენტებს, რომელიც საქართველოს ექნება ამ პროცესში“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ოლივერ ვარჰეის განმარტებით, რეფორმებსა და ევროკომისიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

"ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ გამოხატა შემართება, შეუერთდეს ევროკავშირს. მთავრობამაც ანალოგიური გზავნილები გააკეთა. ახლა მოქმედების დროა. ჩვენ ვაღიარებთ იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ გადადგა რეფორმების პროცესში. ახლა რეფორმებსა და ევროკომისიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცება, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა არის მთავარი პრიორიტეტები. ნება მომეცით, გაგახსენოთ, რომ 2 თებერვალს ევროკომისიამ წარმოადგინა შემდგომი პოლიტიკის გზამკვლევი, რომელიც ეხება ევროკავშირთან დაკავშირებულ რეფორმებს, ასევე, წარმოადგინა ანალიტიკური ანგარიში, რითაც შეივსო ჩვენ მიერ შარშან გამოქვეყნებული რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შემოტანილ განაცხადს. ფართო და ყოვლისმომცველი შეფასება საქართველოს პროგრესისა პირველად ჩატარდება 2023 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში და თქვენ გელით უფრო სრული სურათი.

ევროკავშირი რჩება საქართველოს და ქართველი ხალხის ახლო მეგობრად და პარტნიორად. ეს გახლავთ გადამწყვეტი მომენტი მთელი ქვეყნისთვის, რომ გაერთიანდეს და იმუშაოს შემართულად საერთო სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, რაც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა და ევროპული ღირებულებები," – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

დღის ამბები