26 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ეს არის ძალიან ბნელი და მავნებლური პროვოკაციას საქართველოს წინააღმდეგ - რატი იონათამიშვილი ევროკავშირის დროშის ჩამოხევაზე

პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ისევ ფრიალებს - დროშა საკანონმდებლო ორგანოს წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს.

რამდენიმე საათის წინ ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია, "კონსერვატიული მოძრობის" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა სიმბოლიკა ჩამოხსნეს და დაწვეს - დროშის დაწვა დაგმო უკლებრივ ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, თუმცა ოპოზიციამ კვლავ ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვეს რომ ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებენ.

"იმაზე რაც მოხდა, სრულად პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. რამდენჯერაც არ ჩამოხევ ევროკავშირის დროშას,  იმდენჯერ ქართველი ხალხი დადგება საკუთარი ევროპული მომავლისა და ევროპული დროშის დასაცავად,"- აცხადებს  პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი. 

ფაქტი დაგმო "ქართულმა ოცნებამ". მმართველ გუნდში ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ სწორედ მათი ინიციატივით გახდა დასჯადი ევროკავშირის, ნატოსა და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნის სიმბოლოების შებღალვა.

"ეს არის ძალიან ბნელი და მავნებლური პროვოკაციას საქართველოს წინააღმდეგ და ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ მხარეს არის ევროკავშირს ამოფარებული რადიკალების ჯგუფი, ხოლო მეორე მხარეს, თითქოს ანტიევროპულ მისწრაფებებს ამოფარებული რადიკალების ჯგუფი. ერთ აქციაზე წვავენ წიგნებს, მეორეზე კი დროშას -  ორივე კატეგორიულად მიუღებელია. ფაქტია, რომ ხშირად რადიკალური ოპოზიციის გარესპიკერებად გვევლინებიან ხოლმე კრებითი სიმონიანები და ასეთი რადიკალური დაჯგუფებები. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ნებისმიერი ასეთი საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული აქტი იყოს სამართლებრივად უმკაცრესად პასუხგაცემული,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.



დღის ამბები