26 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
გაფრთხილებთ, ამ ახალგაზრდებს არცერთს თითი არ დაედოს... ბრძოლა არ დასრულებულა, ახლა იწყება - ლევან ხაბეიშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებმა გამოკვეთა, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა პარტიებს ენიჭებათ და, პოლიტიკურმა სპექტრმა პრობლემის გააზრებაზე უნდა იმუშაოს.

"იმ საპროტესტო ენერგიას, რომელიც ჩვენ ვნახეთ რუსთაველზე, სჭირდება გარდაქმნა ქვეყანაში ცვლილებების მხარდამჭერ პოლიტიკურ ენერგიად. პირველი პრობლემა, რაც ამ პროტესტმა გვანახა პოლიტიკური პარტიებისთვის რომელთაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, არის ის რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ პრობლემა - ნდობის, ლეგიტიმაციის, კონტაქტის საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან და ეს უნდა იყოს დღეს ფოკუსი, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის გარეშე, ცვლილება ვერ განხორციელდება," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციები იწყება.

ამასთან, ხაბეიშვილი პრემიერის განცხადებებს ახალგაზრდების მიმართ მუქარად აღიქვამს.

"მაშინ, როდესაც ამ კაცმა დააანონსა რეპრესიები, რომ ყველას სახლში შეუვარდება, ჩვენც ყველანი დაგიმახსოვრეთ. გაფრთხილებთ, ამ ახალგაზრდებს არცერთს თითი არ დაედოს.

ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად კონსულტაციებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - ბრძოლა არ დასრულებულა, ახლა იწყება და მნიშვნელოვანია გადავდგათ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები. ეს ქვეყანა არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას, არცერთ პოლიტიკურ ლიდერს, ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის მომავალი ეკუთვნის ხალხს, რომელსაც ურყევად აქვს გადაწყვეტილი ევროპისკენ სვლა," - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

პრემიერმა"იმედთან" ინტერვიუში თქვა, რომ გონივრული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ დესტაბილიზაციის უფლებას არავის მისცემს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აქციაზე იყვნენ ახალგაზრდები გულწრფელი პროტესტით, თუმცა პირები, რომლებიც სცენაზე იდგნენ, იყვნენ დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან", ან მათ სატელიტებთან.

დღის ამბები