სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 7 მარტს, საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადების გაჟღერების დროისთვის, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და არ არსებობდა მისი შეწყვეტის და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძვლები. სახალხო დამცველმა 7-9 მარტს გამართულ აქციებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.
სახალხო დამცველის თქმით, აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომელთა მხრიდან ძალადობის შემთხვევებს ადგილი ჰქონდა, უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები, თუმცა სამართალდამცველებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ, სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს ეწინააღმდეგება.
"პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი მოქმედებები საფუძვლად დაედო სამართალდამცველების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც. მას შემდეგ, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამტვრევა, პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირების განხორციელება დაიწყო, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ.
შეკრების მართვის მიზნით, სამართალდამცველთა მიერ გამოყენებული ღონისძიებების შედეგად, დაშავდნენ ადგილზე მოვალეობის გაშუქების მიზნით მყოფი მედიის წარმომადგენლებიც. გავრცელდა ინფორმაცია მათი საქმიანობის ხელშეშლის შესახებაც, მაშინ, როდესაც აქციის მიმდინარეობისას, კანონმდებლობა მათ განსაკუთრებულ დაცვის ქვეშ აქცევს.
ამავდროულად, სამართალდამცველები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეული შემთხვევებში მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას. შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა," - განაცხადა იოსელიანმა.
გარდა ამისა, როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, აქციაზე დაკავებულებს რიგ შემთხვევაში დაზიანებები აღენიშნებოდათ. მისი თქმით, რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა.
"7-9 მარტს აქციების მიმდინარეობის პარალელურად, სახალხო დამცველმა და რწმუნებულებმა მოვინახულეთ 96 დაკავებული პირი. რწმუნებულები დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით, ინტენსიურად მუშაობენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. ამასთან, რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. დაკავებულები მიუთითებენ დაკავების უხეშ ფორმაზე და რიგ შემთხვევაში, აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილით და თანხმობით სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით. აღენიშნება დაზიანება თავისა და კისრის არეში. ასევე ხელის მტევნის არეში," -განაცხადა იოსელიანმა.