26 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ლოზუნგებით ევროპისკენ არიან, მაგრამ საქმეზე სწორედ ევროპული საქმის გაფუჭებით არიან დაკავებული - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევით, მე-12 რეკომენდაციაც შესრულდა და საბოლოო ჯამში, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მსჯელობის საკითხი მალე დაიხურება.

როგორც პაპუაშვილმა "კურიერი P.S." ეთერში განაცხადა, სამწუხაროა რომ აღნიშნულ საკითხებზე, "ქართული ოცნება" თითქმის მარტო მუშაობს და ოპოზიციის მინიმალური მხარდაჭერა ფიქსირდება.

"რამდენიმე დღის წინ ავირჩიეთ სახალხო დამცველი და ამით მე-12 რეკომენდაციაც შესრულდა. ფაქტობრივად, ჩვენ თითქმის ბოლოში ვართ გასული, დარჩენილია დეოლიგარქიზაციის საკითხი და საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილება, ამ ორივე კანონზე, ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება უახლოეს დღეებში და ჩვენ უკვე განვაახლებთ მსჯელობას, საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ მალე ჩავხურავთ ამ საკითხებს, რომელიც 12 რეკომენდაციაში არის გათვალისწინებული. "ქართული ოცნება" ამას სამწუხაროდ თითქმის მარტო აკეთებს. აქამდე განხორციელებული რეკომენდაციები რაც იყო, ოპოზიციის მინიმალური მხარდაჭერა დაფიქსირდა. ლოზუნგებით ევროპისკენ არიან, მაგრამ საქმეზე სწორედ ევროპული საქმის გაფუჭებით არიან დაკავებული. ბოლო 10 წელია, ოპოზიციის მიდგომებში დიდად არც არაფერი შეცვლილა. იმ ნაწილს, რომელიც განსაკუთრებით რადიკალურ მეთოდებს ირჩევს, ცდილობენ, რომ ითამაშონ ემოციებზე, ვინაიდან შინაარსობრივად არაფერი არ აქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის. ამას ვხედავთ, თუნდაც ბოლო მოვლენების დროს როგორც სცადეს მათ საზოგადოების ემოციური განწყობა, რამენაირად გამოეყენებინათ და მათთვის სასარგებლო ტალღა აეგორებინათ. როგორც კი, შინაარსზე მივდივართ, იმ წამსვე დგება პოლიტიკური ნაბახუსევი, რომელიც აჩვენებს რომ ემოციები გადის და შინაარსი რჩება, ხოლო შინაარსი არაფერი არ აქვთ სათქმელი საგნობრივი დისკუსიის დროს, ამიტომ ეს გამოცდილება, რომელსაც ისინი წლიდან-წლამდე აგროვებენ, ისინი ამთავრებენ ფრუსტრაციით, იმედგაცრუებით ვინაიდან საზოგადოება როცა უფიქრდება შინაარს, ხვდება, რომ შინაარსში მათ არაფერი არ აქვთ სათქმელი. ემოციურად ხანდახან გარკვეულ ტალღებს იწვევენ, ემოციებით მანიპულირება ადვილია, განსაკუთრებით საქართველოში, როდესაც ჩვენთვის პატრიოტული თემები მნიშვნელოვანია და აქ რა თქმა უნდა არაკეთილსინდისიერები არიან, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამ ემოციებზე თამაშს ცდილობენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები