26 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
კანონპროექტი, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა - რა ხდებოდა 7-8 მარტს საქართველოში, მოვლენების განვითარების ქრონოლოგია

7 მარტი - 20:11 წუთი 76 მომხრე 13 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტი - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით ამტკიცებს.დედაქალაქის მთავარი გამზირი  გადაკეტილია, "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" -მომიტინგეები ამ სლოგანებით პროტესტს იწყებენ.

გამომსვლელების უმეტესობა რიგითი მოქალაქეა "არ აჰყვეთ პროვოკაციებს", გამუდმებით ისმის ფრაზა - შეინარჩუნეთ სიმშვიდე! მოწოდება მოწოდებად რჩება.

ვითარება მალევე იძაბება. აქციის მონაწილეები, დეპუტატებისთვის ე.წ. სირცხვილის დერეფნის მოწყობას იწყებენ, პერიმეტრს საპოლიციო ძალები აკონტროლებს, უკვე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მოქალაქეებს არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ დადგენილ კანონის ფარგლებს.

აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმის ცოცხალი ფარის გარღვევას იწყებენ, ვითარება კიდევ უფრო რთულდება. 

მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი სპეცრაზმელებს ფიზიკურად უპირისპირდებიან, აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილი მათ უსაფრთხო ადგილას გადასვლაში ეხმარება. 20:39 წუთზე პირველი გაფრთხილება ისმის. გაფრთხილებას სპეცრაზმის მოქმედება მოჰყვება, იწყება პარლამენტის მიმდებარე ქუჩების მომიტინგეებისგან დაცლა.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და ბოთლებს ესვრიან.22:30 წუთზე საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებთან შესახვედრად ლევან იოსელიანი გადის. ომბუდსმენისთვის პირველი სამუშაო დღე რთული აღმოჩნდა.

მალევე აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობს. იწყება ცენტრალურ კართან განთავსებული ჯებირების მორღვევა.არ წყდება ხმა, რომელიც აქციის მონაწილეებს დაშლის შესახებ აფრთხილებს. მომიტინგეთთათვის დატოვებულია რამდენიმე გასასვლელი.

თბილისის დროით ღამის 12 საათზე ქვეყნის მთავარ გამზირზე შეკრებილებს ნიუ-იორკიდან საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს, დებს პირობას, რომ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.რუსთაველის გამზირზე ვნებათაღელვა არ ცხრება. ვითარება გამთენიისას კიდევ ერთხელ დაიძაბა. ამჯერად პოლიცია აქციის მონაწილეების დაკავებას ადმინისტაციული წესით იწყებს - აკავებენ ზურაბ ჯაფარიძესაც.

დილის 5 ნახევარზე საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირს აქციის მონაწილეებისგან სრულად ათავისუფლებენ - რთული ღამე 66 ადამიანის დაკავებით სრულდება.

პროტესტის პირველ დღეს მეორე მოსდევს, შეკრების ადგილი უცვლელია, უცვლელია მოთხოვნებიც. 8 მარტის საპროტესტო ქრონოლოგიის ათვლა 19:00 საათიდან იწყება.

8 მარტს პოლიტიკოსები ტრიბუნას კიდევ უფრო ხშირად იკავებენ. - ჟღერდება ულტიმატუმიც - 60 წუთის შემდეგ ისმის დაპირებული სამოქმედო გეგმაც.

მოქმედება რამდენიმე წუთში იწყება. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წრეს არტყამენ, იწყება პიკეტი და მინების მსხვრევა.

მომიტინგეები პარლამენტის კართან დამონტაჟებულ რკინის ჯებირებს ანგრევენ ,შიგნიდან საპასუხო რეაქცია არ აყოვნებს. სპეცრაზმი წყლის ჭავლსა და სხვა სპეცსაშუალებებს იყენებს.

წინასწარ დაგეგმილი თუ სპონტანური გადაწყვეტილება ? აქციის პარალელურად ვრცელდება ფარული ჩანაწერები - ერთ ვიდეოში გედევან ფოფხაძე აკია ბარბაქაძეს მეორეში კი სერგი კაპანაძეს დემონსტრაციის ფონზე, პარლამენტის შენობის აღებაზე ესაუბრება. 

დაახლოებით თორმეტი საათისთვის სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის მორიგი დაპირისპირება იწყება. წყლის ჭავლით შლიან ჩიტაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე მყოფ დემონსტრანტებს . დემონსტრაციის დასაშლელად არ არის გამოყენებული არც რეზინის ტყვიები და არც ხელკეტები. უშვებენ მხოლოდ ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის პრესის.

საპროტესტო ღამე სხვადასხვა ლოკაციაზე უცვლელი სცენარით ვითარდება. პოლიცია აქციის მონაწილეებს შლის, თუმცა დროებით ტერიტორიიდან გარიდების მიუხედავად, დემონსტრანტები ისევ უკან ბრუნდებიან.

პოლიცია სირენებს რთავს, თუმცა წასვლის ნაცვლად აქციის მონაწილეები ცეკვას იწყებენ.

მოგვიანებით მომიტინგეები ავტომობილებს წვავენ - აზიანებენ საპატრულო პოლიციის მანქანას, ქუჩას კი სკამებით, ურნებით და სხვადასხვა საგნებით ხერგავენ .გზის გადაკეტვას სპეცრაზმელებთან მორიგი დაპირისპირება მოსდევს.

ორმხრივი დაპირისპირების დროს დაზიანებებს იღებენ აქციის მონაწილეები და სპეცრაზმელები, მათ შორის შსს-ს 58 თანამშრომელია.

გამთენიისას, პროტესტის მონაწილეთა მცირე ჯგუფი რუსთაველზე ბრუნდება ნაწილი კი იუსტიციის სახლთან მიდის და სანაპიროზე მოძრავ ავტომანქანების მძღოლებს მოუწოდებს აქციას შეუერთდნენ.

8 მარტს დაწყებული 11 საათიანი დაპირისპირება რუსთაველის გამზირსა და მელიქიშვილის ქუჩაზე 9 მარტის დილის 7 საათზე ჯამში 133 ადამიანის დაკავებით სრულდება. ამავე დილით ირკვევა, რომ მომიტინგეების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია - კანონპროექტს ინიციატორები და მმართველი გუნდი უკან იწვევს

თავისუფლებიდან დაკავებულებიც, თუმცა მაინც, რუსთაველის გამზირი 9 მარტის ღამესაც პროტესტის ეპიცენტრია. ერთი განსხვავებით - ამჯერად ტრიბუნას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიტიკური მიზნებისთვის იკავებენ

ხელისუფლება დათმობაზე წავიდა. "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან უკან გამოითხოვა.

10 მარტი პარლამენტს ხალხის ძალი მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე გააქვს და 1 მომხრე და 35 წინააღმდეგი ხმით ბლოკავს. კენჭისყრის შედეგს აქციის მონაწილეები ოვაციებით ხვდებიან.

წინ ევროპისკენ - 7-8-9 და 10 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერება, ისტორიას დარჩება ახალგაზრდების კადრები, რითაც თაობები იამაყებენ.

დღის ამბები