ზურაბ ჯაფარიძის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადვოკატმა მოსამართლეს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა, რის საფუძვლადაც პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. გადაწყვეტილებას ხმაური და მანდატურებთან დაპირისპირება მოჰყვა.
საბოლოოდ მოსამართლემ სხდომა ხვალისთვის გადადო, მანამდე კი "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი და მასთან ერთად დაკავებული ნიკა მოსიაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა. პოლიტიკოსმა დაკავების ფაქტი მედიასთან შეაფასა.
შედარებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა სხვა დაკავებულების სასამართლო პროცესები. მათმა ნაწილმა სამართალდარვევის ფაქტი აღიარა და 2000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა. დაკავებულთა ინტერესებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები" იცავენ.
საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 7 და 8 მარტს განვითარებული მოვლენების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით სულ 133 პირი დააკავეს. წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა - სასამართლოში საქმეები ძირითადად ამ ორი მუხლით წარიმართა.
ერთადერთ მომიტინგეს სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლებენ. ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციელებზე თავდასხმაშია მხილებული, თუმცა მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.
მომიტინგეთა უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით გუშინ, რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე დააკავეს. მშვიდობიანმა აქციამ ასეთი ფორმა მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დემონსტრანტებს დაცარიელებული პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევისკენ მოუწოდა. ამ მომენტიდან აქციის მონაწილეთა ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოში ძალადობრივი შეღწევა სცადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ განცხადებაში გამოეხმაურა აქციის მონაწილეების მხრიდან ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტებსაც. უწყების ინფორმაციით, მომიტინგეების ერთმა ჯგუფმა ამოატრიალა და ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ რამდენიმე ავტომანქანას, დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი, სახანძრო ავტომანქანა, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობების ფასადები, ჩაამსხვრიეს ვიტრინები, სკამები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები, ასევე ცეცხლი წაუკიდეს ქუჩაში მდგარ ურნებს. მძიმე ინციდენტებში მონაწილე პირთა ნაწილი პოლიციამ ადგილზევე დააკავა. მათი ნაწილი სასამართლომ ჯარიმების სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლა.