26 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
როგორ გაიწვევენ კანონპროექტებს უკან - მამუკა მდინარაძე პროცედურულ დეტალებს განმარტავს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე რეგლამენტით გათვალისწინებულ იმ პროცედურებს განმარტავს, რაც "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტების "გამოწვევას" ეხება. 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ერთ-ერთი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიაში ოფიციალური წერილი უკვე გაგზავნა.

"რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, რაზეც უკვე ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ დაისვა კითხვები, შემიძლია გითხრათ უკვე რა მოხდა და ამის შემდეგ როგორ გაგრძელდება ეს პროცესები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, შესაბამისად ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა, დასკვნის გამოგზავნა.

ერთი კანონპროექტი, რომელზეც შესაძლებელი იყო ეს პროცედურულად, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე როგორც ეს პროცედურულად ხდება, იმის შესახებ, რომ ის არის უკვე გამოწვეული.

რაც შეეხება მეორე საკითხს, შეიძლება ეს გარკვეული ფორმალობა იყოს, მაგრამ იმისთვის, რომ ყოფილიყო თუნდაც ფორმალიზებაც, მიწერილია წერილი მათივე მხრიდან, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე.

რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით არის მიღებული, ახლა რაზეც ვსაუბრობთ, გამოწვევის წესებს როგორც წესი საქართველოს რეგლამენტის თანახმად მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ, გიდასტურებთ და ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს დღის პირველ ნახევარში "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტების გამოწვევასთან დაკავშირებით.

დღის ამბები