26 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
ხელისუფლება ყველა არგუმენტის, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნების განხილვის შემდეგ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მოქალაქეების ინტერესებში-არჩილ თალაკვაძე 

ხელისუფლება ყველა არგუმენტის, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნების განხილვის შემდეგ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მოქალაქეების ინტერესებში და რომელიც არ დააზიანებს არცერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდებები, თითქოს კანონი რომელიმე მნიშვნელოვან მიმართულებას დააზიანებს, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და დეზინფორმაცია.

„ვიდრე გიორგი ვაშაძის მოთხოვნებს ვუპასუხებ, უფრო მნიშვნელოვანია, ვუპასუხოთ იმ კითხვებს, რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს. მინდა, ვუთხრა ახალგაზრდებს, სტუდენტებს, თითქოს კანონპროექტი და კანონის ეს ვერსია, თუნდაც საბოლოო ვერსია, რომელიც იქნება მიღებული, კანონი რაიმე საფრთხეს შეუქმნის მათ განათლებას, მათ კარიერულ წინსვლას, ეს არის სიცრუე. ხელისუფლება საბოლოოდ ყველა არგუმენტის, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნების განხილვის შემდეგ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებში და რომელიც არ დააზიანებს არცერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც სჭრიდება ჩვენს ქვეყანას, ამ შემთხვევაში ახალგაზრდებს. არ შეუშლის ხელს და არ დააზიანებს არც სწავლის პროცესს, არც გრანტების მიღების პროცესს, არც სამეცნიერო საქმიანობას, თუ მათ წასვლას საზღვარგარეთ. ეს ბრალდებები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და დეზინფორმაცია.

ამასთან, კანონი, საბოლოო ჯამში, როგორც იქნება მიღებული, არანაირად არ შეუშლის ხელს იმ პროგრამებს და სერვისებს, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, შშმ ადამიანებს სჭირდებათ ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს გახლავთ დეზინფორმაცია, გამოყენებული იმისთვის, რომ როგორმე ამ ადამიანებში ემოციური პროტესტი გამოიწვიონ და გამოიყვანონ აქციაზე, შემდეგ დააყენონ ისეთი პოლიტიკური მოთხოვნები, რაც ახლა ვნახეთ.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს კანონი არც დაბლოკავს, არც ხელს შეუშლის ჩვენს ხანდაზმულ მოსახლეობას, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომელთა მონაწილეობა და ინტერესები ჩვენთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია, არც სოციალური უზრუნველყოფის სქემებს. იმიტომ არ არის გასაგები, რომ მათ დაბლოკეს დისკუსია და არ გვქონდა სრულფასოვნად საშუალება, ეს გვეთქვა ჩვენი მოქალაქეებისთვის. იგივე შემიძლია ვთქვა ბიზნესზე, სოფლის მეურნეობის სექტორზე, თუ სხვა მნიშვნელოვან პროგრამებზე, ორგანიზაციებსა და ადამიანებზე, ვინც დასაქმებულია. ბევრს ეუბნებიან და ატყუებენ, რომ თქვენ თითქოს სტატუსი გექნებათ, რაღაც იარლიყებს მოგაკრავენ, გაგრიყავენ საზოგადოებიდან. ეს არის სიცრუე. არცერთ ჩვენს თანამოქალაქეს ეს კანონი ახლა და მით უმეტეს, როგორც იქნება საბოლოო ჯამში მიღებული, ეს კანონი არანაირ სტატუსსა და არანაირ დისკრიმინაციას არ შეუქმნის, არ დაბლოკავს ამ საქმიანობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები