26 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტის ხმაურიანი განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა - არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები შეკრებას ხვალაც გეგმავენ

პარლამენტში ე.წ. უცხოელი აგენტების ამერიკული კანონპროექტის ხმაურიანი განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ აქციის მონაწილეთა ჯგუფი, რევოლუციას აანონსებდა. პარლამენტთან საგანგებოდ მისულებმა, ჯერ შენობის კედელზე წარწერა "რევოლუცია" გააკეთეს, შემდეგ კი დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.

აქტივისტების მოთხოვნას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეც. პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებები აუცილებელია.

ლევან ხაბეიშვილის სამოქმედო გეგმა ახალი არ არის მმართველი გუნდისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პარტია რევოლუციას დიდი ხანია აანონსებს და კანონპროექტის მიზნობრივი განხილვის ნაცვლად, არეულობაზეა ორიენტირებული.

აგენტების ამერიკულ კანონპროექტებს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდან აპროტესტებდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. იყო ინციდენტებიც. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლეთთან აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს. მანამდე კი ტერიტორიაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს. დროშები გამოფინეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამუშო კაბინეტიდანაც.

განხილვის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია კომიტეტის სხდომის დასრულებამდე დაიშალა. ოპოზიციონერ დეპუტატებს, მმართველმა გუნდმა დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, კონსტიტუციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

შეკრებას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალაც გეგმავენ, აქცია ბიუროს სხდომის პარალელურად განახლდება. საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კვლავ შეიკრიბებიან, სამოქმედო გეგმაზე კი სავარაუდოდ განხილვების დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

დღის ამბები