26 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
იქნება თუ არა მოლდოვა, უკრაინის შემდეგ, რუსეთის სამიზნე - კომპანიების ნაწილი სიფრთხილეს იჩენს, ფრენები შეწყვიტა "ვიზეარმაც"

მოლდოვაში არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის შემდეგი სამიზნე სწორედ მოლდოვა იყოს. ომში მყოფი უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტის შეწყვეტის ფონზე, მოლდოვა ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა. ამას ემატება ინფლაცია და უკრაინიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი.

მოლდოვის მთავრობა დარწმუნებულია, რომ რუსეთს მოლდოვაში შეჭრისთვის სათანადო რესურსი არ გააჩნია. თუმცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანიები, რომლებიც მოლდოვაში ოპერირებენ, გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, კომპანია "ვიზეარი" მოლდოვიდან რეისებს აუქმებს. კიშინიოვიდან ფრენები 14 მარტიდან შეწყდება. მიზეზად ავიაკომპანია უსაფრთხოების რისკებს ასახელებს.

ჯერ კიდევ 9 თებერვალს ბრიუსელში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვამ შეიტყო კრემლის გეგმების შესახებ მოლდოვაში ხელისუფლების შეცვლის თაობაზე. დაზვერვის ეს მონაცემები კიშინოვს გადასცეს. მოგვიანებით მოლდოვის ხელისუფლებამაც დაადასტურა, რომ მათ ასეთი ინფორმაცია კიევიდან ნამდვილად მიიღეს, მაგრამ უარი თქვეს დეტალების გამჟღავნებაზე.

ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან მალე მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ნატალია გავრილიცასთან ერთად მინისტრთა მთელი კაბინეტი გადადგა. ბოლო თვეების განმავლობაში კიშინოვში ანტისახელისუფლებო აქციები იმართება, პროვოკაციების მოწყობაში კი პრეზიდენტი სანდუ და მისი მომხრეები პრორუსულ ძალებს ადანაშაულებენ. უკრაინის დაზვერვა ისევ ირწმუნება, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დნესტრისპირეთის რეგიონმა ახალი სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა.

ესკალაცია აქ პროვოკაციულმა თავდასხმებმა გამოიწვია, რომელთა უკანაც რუსეთს მოიაზრებენ. არსებობს საფრთხე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონსაც შეეხოს და გაყინული კონფლიქტი კვლავ კიშინიოვისა და მარიონეტული ტირასპოლის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

დღის ამბები