26 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
სკანდალური ჩვენება და უმძიმესი კადრები, რომელიც PS-მა მოიპოვა - კაცი, იმის გამო, რომ ნარკოტრეფიკინგში მონაწილეობაზე უარი თქვა, სასტიკად აწამეს

წამება, ცემა, დამცირება, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით ვაჭრობის იძულება და თვითმკვლელობამდე მიყვანა - შოკისმომგვრელი დანაშაულის ადგილი ფონიჭალაა. გაუგონარი სისასტიკის ისტორია საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰგავს. ყველაფერი კი ნარკოტიკების რეალიზაციის იძულებით იწყება. "კურიერი პიესმა" ექსკლუზიურად მოიპოვა სასტიკად ნაწამები მამაკაცის გაჰკი გახიჯანოვის ჩვენება, რომელიც დაუჯერებელ ამბავს ჰყვება და რომელმაც სამი კილოგრამი ნარკოტიკის აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოტანაზე უარი თქვა.

ის აწამეს, სცემეს, გააშიშვლეს და თოვლში ცივი წყლის ქვეშ დასვეს და აიძულებდნენ თავი მოეკლა, თუმცა საბედნიეროდ იარაღში ტყვია არ აღმოჩნდა. სასტიკი დანაშაული ვიდეოკამერაზეა აღბეჭდილი, ნაწამები მამაკაცის მონაყოლს სწორედ ვიდეო-მტკიცებულება ამყარებს, რომელიც ბრალდებულებმა თავად გადაიღეს, მასალები იმდენად მძიმეა, რომ "რუსთავი 2-ის" ეთერში შეგნებულად არ გავა.

ჩვენებიდან ამონარიდი - "გამათრიეს აბაზანაში, თან მაგინებდნენ, მირტყამდნენ, დუშის ქვეშ დამსვეს სკამით და ცივი წყალი დამასხეს, სულ დამასველეს, რის შემდგომაც ცემით გამათრიეს ეზოში, მირტყამდნენ პერიოდულად თავში, მუცელში და ნეკნებში, ხელებს და ფეხებს. გარეთ ძალიან ციოდა და თან სველი ვიყავი, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ვიყავი ეზოში ბეტონზე, დარტყმის შედეგად ძირს ვეცემოდი, წამომსვამდნენ და ისევ მირტყამდნენ."

წამების მსხვერპლი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც წერს. იხსენებს, თუ როგორ ემუქრებოდნენ მას მცირეწლოვანი შვილის და ოჯახის ამოწყვეტით. დაარწმუნეს, რომ მათ მოსაკლავად ქილერს 5000 დოლარი უკვე გადაუხადეს.

ჩვენებიდან ამონარიდი - "მითხრეს, რომ იცოდნენ ჩემი ცოლშვილის ადგილსამყოფელი, ტელეფონში მანახეს ფოტოები და მისამართიც. თქვეს, რომ მათ მოსაკლავად ქილერს 5 000 დოლარიც გადაუხადეს. შემდეგ კი შემომთავაზეს თვითმკვლელობა. მე შემეშინდა, ჩემი ოჯახისთვის არაფერი დაეშავებინათ, ამიტომ დავთანხმდი და მოთხოვნას, თანაც ამდენ ტანჯვას ვეღარ ვუძლებდი. მუხდარმა მკითხა შენით მოიკლავ თავს თუ მოვაკვლევინოთ შენი შვილიო და მეც ვუპასუხე, რომ მომეცი იარაღი და თავს მოვიკლავმეთქი. გამომიწოდა პისტოლეტი, რომელიც ეჭირა სველი სალფეტკით. ელმანმა თავისი მობილური ტელეფონით ვიდეოს გადაღება დაიწყო, მე გამოვართვი პისტოლეტი მუხდარს და ეგრევე მივიდე თავზე მარჯვენა საფეთქელთან და გამოვკარი სასხლეტს თითი, რომ მომეკლა თავი და ჩემს ოჯახს არ შეხებოდნენ. იარაღმა არ გაისროლა, ვინაიდან ტყვია არ იდო".

საქმის მასალებით ირკვევა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფება გაჰკი გახიჯანოვს ნარკოტრაფიკში ჩართვას აიძულებდა. გეგმის მიხედვით, ის უნდა ჩასულიყო აზერბაიჯანში, რომ ირანიდან გამოგზავნილი 3 კილოგრამი ნარკოტიკი, მალულად საქართველოში შემოეტანა. გახიჯანოვმა ამ სცენარში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის გამო ნარკოტრაფიკის ორგანიზატორებმა მისგან დიდი ოდენობით ფულის ამოღება გადაწყვიტეს. მანამდე კი ირანელ ეწ ნარკობარონს ნარკოტიკების სანაცვლოდ საკუთარი ახლობელი ექსპლუატაციის მიზნით გაუგზავნეს. ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ტრეფიკინგის მსხვერპლი მამაკაცი ქართველი სამართალდამცველების ჩარევის შედეგად დაიხსნეს. "კურიერი პიესმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ფარული-აუდიო ჩანაწერი, რომელიც დაზარალებულის და ერთ-ერთი ბრალდებულის საუბარს ასახავს. ჩანაწერში კარგად ისმის თუ როგორ ცდილობენ მუქარის გზით გაჰკი გახიჯანოვისგან დიდი ოდენობით ფულის გამოძალვას.

ფონიჭალაში, ბრალდებულთა ახლობლების ნაწილი "რუსთავი 2-ს" კამერის გამოჩენამ გააღიზიანა. ნაწილი კი ადასტურებს, რომ ერთ უბანში მცხოვრები 5 ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ დააკავა.

ოჯახები დეტალებზე არ საუბრობენ, ბრალდებულთა ინტერესების დამცველი კი გვიყვება, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. ადვოკატი არ უარყოფს, რომ დაკავებულთა ნაწილი წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ამჯერად, დუმილის უფლებას იყენებენ და დანაშაულს საერთოდ არ აღიარებენ.

ელმან მამედოვი, მუხრად მამედოვი, ემილ ამიროვი, ბაირამალ ალიევი და ემილ ჯაფაროვი - ყველა დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

 

 

 

დღის ამბები