ვის ვანდობთ ჩვენს შვილებს ? "კურიერი PS" დაინტერესდა თემით, რომელიც თითქმის ყველა ოჯახს ეხება. მოძალადე ძიძები - მაშინ როცა მშობლები შვილებს აღმზრდელებს ანდობენ და, მათი აზრით, უსაფრთხო გარემოში ტოვებენ, შესაძლოა ცდებოდნენ და რეალობა იმდენად შემზარავი აღმოჩნდეს, რომ მონათხრობის დაჯერებაც კი გაგვიჭირდეთ.
არათუ მონათხრობის, არამედ, საკუთარი თვალით ნანახის დაჯერება გაუჭირდა ერთ-ერთ მშობელს, როდესაც სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ძიძას მისი შვილი ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად ჰყავდა გაყვანილი. ფსიქოლოგიურ ტერორის ზოგიერთ შემთხვევაში ძიძის მხრიდან ფიზიკურიც ერთვის და ამის არაერთი შემთხვევა არსებობს.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. მართალია, მასში ძალადობა არ ჩანდა, თუმცა ვიდეოს ავტორი ამტკიცებდა, რომ კადრების გადაღებამდე, ქალი მცირეწლოვან ბავშვს უყვიროდა და ურტყამდა. ამ ფაქტს საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.
სწორედ ამიტომ "კურიერი პიესმა" სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა. რა ხდება მაშინ როდესაც ჩვენი შვილები სრულიად უცხო ადამიანების ხელში ხვდებიან და როგორ ვრეაგირებთ როდესაც ვხედავთ რომ ბავშვს უყვირიან - "დილა მშვიდობისა საქართველოს" ჟურნალისტის ნინი ტაველიძის რეპორტაჟში ჩანს, რომ 2 საათის განმავლობაში ძიძის მიერ ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტით, მხოლოდ ერთი მოქალაქე დაინტერესდა.
ავტორი: ნინი ტაველიძე