26 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
დაჭრა თბილისის ერთ-ერთ ტაძარში - რა მოტივით დაესხა თავს დაკავებული ტაძრის წინამძღვარს

ტაძარში წირვის ჩასატარებლად მისულ მამა ცოტნე თვარაძეს უცნობი მამაკაცი თავს უკნიდან დაესხა. სამი ჭრილობა ზურგის, ხოლო ერთი, ხელის არეში მიაყენა და მიიმალა. დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა კი თან წაიღო.

მძიმე დანაშაულს თვითმხილველი არ ჰყავს. მღვდელმსახურის დაჭრის მომენტში ეკლესიაში მხოლოდ მედავითნე იმყოფებოდა. ხმაურის გაგების შემდეგ ეზოში გამოსულს დამნაშავე გაქცეული, მამა ცოტნე კი, უმძიმესი ჭრილობებით დახვდა. მოტივი ამ დრომდე უცნობია. მრევლი პირადი კონფლიქტის არსებობას გამორიცხავს.

სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია. მამაკაცი ამჟამად პოლიციაში იკითხება. 50 წლამდე პირს ეკლესიაში იცნობენ, ის ტაძართან მდებარე საწყობის დარაჯად მუშაობდა და ეკლესიაშიც ხშირად დადიოდა. "კურიერის" ინფორმაციით, დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

დაჭრილი კავკასიის მედიცინის ცენტრში შეიყვანეს. მამა ცოტნე თვარაძეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მის მდგომარეობაზე მედიკოსები კომენტარს არ აკეთებენ. დეკანოზი სვიმონი კი, "კურიერს" უყვება, რომ სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ მძიმე.

მამაკაცი ბრალის დაზუსტებას ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. ამის შემდეგ საქმის განხილვას საქალაქო სასამართლო დაიწყებს. დიდი ალბათობით, მამაკაცის ფსიქიკური მდგომარეობის გამოსაკვლევად სამედიცინო ექსპერტიზაც დაინიშნება. დანაშაული განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მუხლით არის აღძრული.

დღის ამბები