26 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
დავა "აგენტების კანონზე" - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას კანონპროექტის საწინააღმდეგოდ რეალური არგუმენტები არ აქვს

უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტი, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის, იგივე FARA-ს ზუსტი ანალოგია - როგორც კანონპროექტის ავტორები, მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენლები ამბობენ, ოპონენტები სპეკულაციურ მიდგომას ამერიკულ კანონთან მიმართებაშიც არ ცვლიან.

"ხალხის ძალის" ოპონენტები, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს ახსენებენ, რომ ამერიკული "ფარა" მხოლოდ ლობისტებს ეხებოდა და არა სამოქალაქო სექტორსა და მედია ორგანიზაციებს. ოპოზიციისთვის ამერიკული აქტის ქართული ანალოგი, შინაარსით და კონტექსტით რუსულია.

ოპოზიციის მხრიდან არგუმენტების არ არსებობაზე ამახვილებენ ყურადღებას კანონპროექტის ავტორები. მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრების შეფასებით, ოპონენტები შინაარსობრივ განხილვებში არ შედიან და დისკუსიის მხოლოდ ხელოვნურად სტიგმატიზებას ცდილობენ.

ოპოზიციისთვის შინაარსის მიღმა მთავარი არგუმენტი ის კრიტიკაა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, კანონპროექტებთან მიმართებაში პარტნიორების მხრიდან ისმის. საკანონმდებლო აქტების მიღება, მათი თქმით, ქვეყნის ევროპული კურსისთვის საფრთხის მომტანია.

მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ საკომიტეტო მოსმენების შემდეგ საზოგადოება თავად დაინახავს, რომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას არაფერი აქვს საერთო რუსულთან და ის ამერიკულის ანალოგია. სწორედ ამიტომ, სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიცია ცდილობს საკანონმდებლო პროცესი ჩაშალოს. "ოცნების" ლიდერები იმ ფაქტორებზეც ამახვილებენ ყურადღებას, რის გამოც ამ კანონპროექტის მიღების საჭიროებას ხედავენ.

საპარლამენტო დისკუსიების ინკლუზიურობის პირობა დადო პარლამენტის თავმჯდომარემ იმ წერილში, რომელიც მან ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს გაუგზავნა. როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, პროცესში გათვალისწინებული იქნება საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზნები.

"ხალხი ძალის" ინიციატივის განხილვა ორშაბათს, იურიდიულ კომიტეტზე გაგრძელდება, პირველი მოსმენით მიღების შემდეგ კი კანონპროექტები ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

დღის ამბები