26 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში - რომელი ქვეყნებისკენ მიდის ფინანსური დანაშაულის კვალი

გამოცემა "პოლიტიკოს" ინფორმაციით, ევროპარლამენტარები ევა კაილი და მარკ ტარაბელა სასამართლომ დღეს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ევა კაილის პატიმრობა, სულ მცირე ორი თვით გახანგრძლივდა, მარკ ტარაბელას კი, სულ მცირე, ერთი თვით.

ბრალდებები, კორუფცია და ქრთამი ევროპელ კანონმდებელთა მაღალ ეშელონებში - ევროპარლამენტის კორუფციული სკანდალის საქმეზე გამოძიებამ მასშტაბური სახე მიიღო. კატარგეითის კორუფციულ სკანდალში, შესაძლოა კიდევ 100 ევროპარლამენტარი იყოს ჩართული. პოლონელი ევროდეპუტატი დომინიკ ტარჩინსკი ვარაუდობს, რომ ევროპარლამენტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილს, ქრთამის სახით 10 მილიონ ევროზე მეტი აქვს აღებული.

სკანდალი ევროპარლამენტის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია, შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ევროპული საკანონმდებლო ორგანოს პრინციპები და მისდამი ნდობა. პოლონელი ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ გამოსავალი, გამჭვირვალე გამოძიებასა და სისტემის რეფორმირებაშია, რადგან შესაძლოა კვალი არამხოლოდ კატარსა და მაროკოსკენ, არამედ რუსეთშიც მიდიოდეს.

ყველაფერი კი 2 თვის წინ დაიწყო, როდესაც ბელგიელმა სამართალდამცველებმა 20 რეიდი განახორციელეს. ნაღდი ფული ჩემოდნებში, ამოღებული მობილურები და კომპიუტერები. გამოძიება კატარგეითის მთავარ ფიგურაზე, ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტზე გავიდა. სატელეფონო ზარებზე მეთვალყურეობის საშუალებით სამართალდამცავმა ორგანოებმა ქრთამის აღების ფაქტზე ინფორმაცია მოიპოვეს რაც შემდგომში კაილის დაპატიმრების საფუძველი გახდა.

ევროპარლამენტში აგორებული სკანდალი რომ აისბერგის მხოლოდ წვერია, ამაზე ბელგიაში უკვე დიდი ხანია ღიად საუბრობენ, რადგან საქმეში საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკოსები და ორგანიზაციები ფიგურირებენ. დაკავებულ პირებს შორის ევროპარლამენტის სიდიდით მეორე პარტიის "სოციალ დემოკრატების" 2 დეპუტატი მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო არიან. დანაშაულებრივი სქემა შემდეგნაირად მუშაობდა: ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი თავის პარტნიორისა და თანაშემწის ფრანჩესკო ჯიორჯის შუამავლობით კომუნიკაციას ერთ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან და ყოფილ ევროპარლამენტარ ანტონიო პანზერისთან ამყარებდა, ამ უკანასკნელთან კი აქტიური კავშირი დაკავებულ ევროპარლამენტარებს ჰქონდათ.

სასჯელის შემცირების სანაცვლოდ პანზერი ახლა გამომძიებლებთან თანამშრომლობს. როგორც ირკვევა, კატარს პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის გადასაფარად, ევროკავშირისთვის გაზის მისაყიდად და გაერთიანებასთან უვიზო მიმოსვლის დასაწყებად სურდა. კატარის მიერ ქრთამის გადახდაზე ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა რაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა, დაკავებული ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტი და პარლამენტარები კი ამ საკითხს აქტიურად ლობირებდნენ.

კატარი, ისევე როგორც ევა კაილი, ბრალდებას უარყოფს. დაკავებულ პირებს ბელგიის პროკურატურამ ბრალი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობასა და ფულის გათეთრებაში წაუყენა. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მილიონ ნახევარი ევრო.

დღის ამბები