26 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
კანონპროექტი "აგენტების შესახებ" - ვინ როგორ აფასებს ხმაურიან საკომიტეტო მოსმენას

ხმაურიანი საკომიტეტო განხილვისა და საკანონმდებლო ორგანოში მწვავე დაპირისპირების შემდეგ, დღეს, "ქართული ოცნების" ლიდერები ოპოზიციას უსაფუძვლო ისტერიის მოწყობაში ადანაშაულებდნენ.

პროტესტის გამოხატვის ფორმასა და ოპოზიციის არჩეულ სტრატეგიას, კანონპროექტის ავტორები კონკრეტულ მიზანს უკავშირებენ. "ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიების ინტერესი სწორედ არეულობა, ქაოსი და სხდომის ჩაშლა იყო, თუმცა მათივე თქმით, მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

უმრავლესობის არგუმენტებს არ იღებს ოპოზიცია. მათი თქმით, "ხალხის ძალის" კანონპროექტზე მსჯელობის დროს კონსტრუქციულობამ აზრი დაკარგა.

დაზიანებული ინვენტარი და ხელჩართული ჩხუბი, ოპოზიციის უმრავლესობისთვის ბრძოლის მისაღები ტაქტიკაა. თითქმის 2 საათიანი დაპირისპირება, მაგიდების დამტვრევით და ამის შემდეგ დარბაზიდან ოპოზიციის ნაწილის ძალის გამოყენებით გაძევებით დასრულდა.

ოპოზიციური პარტიების პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით იზიარებენ, თუმცა კოლეგებს სტრატეგიას "გირჩიც" უწუნებს. ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ არათანმიმდევრულობა გამოავლინა, რაც საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გაძლიერების ნაცვლად მის გაქრობას უწყობს ხელს.

ოპოზიციის დიდი ნაწილის მოქმედებებსა და გეგმებში პროვოკაციულ და რადიკალურ დღის წესრიგს ხედავენ სახელისუფლებო გუნდში. ამბობენ, რომ განულებული პოლიტიკური რესურსის ფონზე, პარტიებისთვის ბრძოლის ყველა ხერხი მისაღები ხდება.

საგარეო თავდაცვის და უშიშროების გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე "ხალხის ძალის" კანონპროექტზე მსჯელობა 6 საათზე მეტს ხანს მიმდინარეობდა, განხილვის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში და მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას მართავდნენ. შეკრებას დაკავებები მოჰყვა. წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით სულ 36 ადამიანი დააკავეს. მათი ნაწილი უკვე თავისუფალია. ნაწილის სასამართლო პროცესი კი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

დღის ამბები