26 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - პარლამენტის ინფორმაციით, მანდატურებმა დარბაზში მხოლოდ ისინი შეუშვეს, ვინც საკანონმდებლო ორგანოს წერილობითი წინასწარ მიმართა

პარლამენტში ვითარება დღის 3 საათისთვის დაიძაბა. საკომიტეტო დარბაზთან, სადაც უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტები უნდა განეხილათ, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები და პარტიების წევრები შეიკრიბნენ. მთელი დღეა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ისმის ფრაზები: მოღალატეები, მონები, არა რუსულ კანონს.

დაპირისპირება რამდენჯერმე დაიწყო, პარტიების ლიდერები დარბაზში შესვლას ცდილობდნენ. მათ შორის იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სხვა ოპოზციის ლიდერები.

პარლამენტის ინფორმაციით, მანდატურებმა დარბაზში მხოლოდ ისინი შეუშვეს, ვისაც წერილობითი მიმართვა წინასწარ ჰქონდა დაწერილი. მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობოების ნაწილი კომიტეტზე ვერ მოხვდა.

“ხალხის ძალის", "ქართული ოცნების" და "ევროპელი სოციალისტების" წევრებს დარბაზში შესვლა შეძახილების და სტვენის ფონზე მოუხდათ.

რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც, მანდატურებმა "დროას" წევრი და ერთ-ერთი აქტივისტი გიგა ლემონჯავა პარლამენტს განარიდეს.

დაპირისპირება კომიტეტის დაწყებამდე, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზშიც გაგრძელდა. დაპირისპირებაში ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მანდატურები მონაწილეობდნენ.

პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა სხდომათა დარბაზიდან დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე ძალის გამოყენებით გაიყვანა. დარბაზში ამოყირავებული მაგიდები დარჩა.

კიდევ ერთი დაპირისპირება უკვე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან დაიწყო, სადაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გადაინაცვლეს, ისინი შალვა პაპუაშვილის სამუშაო ოთახში შესვლას ცდილობდნენ.

ლევან ხაბეიშვილმა მხარდამჭერებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდა და ამის შემდეგ პარლამენტის შენობა დატოვა.

დაპირისპირების პარალელურად პარლამენტის გარეთ აქცია მიმდინარეობდა. არა რუსულ კანონს - ამ შინაარსის ბანერებით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები იყვნენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები.

დღის ამბები