26 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
მითხარით და ჩავასწორებ, რადგან არც მე მინდა არასამთავრობო სექტორი აიკრძალოს ან შეიზღუდოს - დიმიტრი ხუნდაძე

ჩვენ ვნახეთ არასამთავრობო სექტორი, რომელიც პოლიტიკურ სცენაზე ავარდა და ტექნიკური მთავრობის შეცვლას ითხოვდა. ეს იყო მიუღებელი და როდესაც საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვდნენ ამაში, სწორედ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ითხოვს მის მხარდაჭერას, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.

"ჩვენი კანონი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას. თხოვნა მაქვს, თუკი სადმე ნახავთ აკრძალვას, შეზღუდვას, მითხარით და აქვე ჩავასწორებ, რადგან არც მე მინდა არასამთავრობო სექტორი აიკრძალოს ან შეიზღუდოს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტში, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვამდე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეყვანას ცდილობდნენ, რომლებიც სიაში არ იყვნენ. ამ ფაქტს მანდატურის სამსახურთან დაპირისპირება მოჰყვა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

14 თებერვალს "ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა.

21 თებერვალს კი "ხალხის ძალის" ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.

დღის ამბები