საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ "ღამის კურიერის" ეთერში სამინისტროს მიერ შესყიდული მობილურ ტელეფონების, ასევე ალკოჰოლურ სასმელების მიზნობრიობის შესახებ ისაუბრა.
მინისტრის თქმით, არცერთი მობილური ტელეფონი სამოქალაქო პირს საჩუქრად არ გადასცემია, არამედ ეს საჩუქრები განკუთვნილი იყო ბორჯომის ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ხოლო ალკოჰოლური სასმელები იყო იმ საახალწლო კალათების შემადგენელი, რომელიც დაღუპული სამხედროების ოჯახებს გადაეცათ.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი მობილური ტელეფონი სამოქალაქო პირისთვის არ მიჩუქებია. მე თვითონ მაქვს ძველი მოდელის აიფონი და მეტიც, არც კი ვსარგებლობ კორპორატიული მომსახურებით ჩემს მობილურის ნომერზე. მე თვითონ ვიხდი ჩემი მობილურის გადასახადს, ასევე, საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნის დროს მე თვითონ ვიხდი როუმინგის გადასახადს. ეს აიფონები შევიძინეთ ბორჯომის ხანძარში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ოფიცრებისთვის, ყველა სამხედრო მოსამსახურემ, ვინც იქ მიიღო მონაწილეობა, ყველაზე გავეცით პრემია. ვინმემ არ წარმოიდგინოს რომ სუბიექტურად შევარჩიეთ ვიღაცები. ასევე, მე დავაჯილდოვე ჩვენი რამდენიმე დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე.
ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯი, სხვა ხარჯი ვერ იქნება, ანალოგიურია ის სასმელები, რაზეც მეორე სერია იყო ამ შავი პიარის. ესეც იყო გადაცემული ახალ წელს, ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახის წევრებისთვის.
როგორ წარმოგიდგენიათ თითო კალათი, რომელიც უნდა გადაეცეს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრს, ამაზე ტენდერის გამოცხადება. ახალ წელს ეს მიღებული პრაქტიკაა, ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯები, მთელ მსოფლიოში ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯები," - განაცხადა მინისტრმა.