26 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
ცვლილებები "თავდაცვის კოდექსში" - მცირდება სავალდებულო სამსახურის 12 თვიანი ვადა, გაწვევა ყოველწლიურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული სისტემით მოხდება

თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების მხრივ არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას სამინისტრო "თავდაცვის კოდექსში" ცვლილებებით გეგმავს. სიახლის მიხედვით, მცირდება სავალდებულო სამსახურის 12 თვიანი ვადა. გაწვევა ყოველწლიურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული სისტემით მოხდება. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძველი აღარ იქნება სტუდენტის სტატუსი.

თუ სტუდენტის გაწვევა მოხდება, მას ექნება შესაძლებლობა ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე და 4 წლის განმავლობაში, ზაფხულის პერიოდში გაიაროს შეკრება. იზრდება გადავადებისთვის საჭირო გადასახადი და მისი გამოყენება მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი.

ცვლილებების მიხედვით უნდა აღმოიფხვრას ხარვეზი, რომლითაც წვევამდელები სხვადასხვა საშუალებით სავალდებულო გაწვევას თავს არიდებდნენ, ამას კი ყველაზე მეტად "ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების" დახმარებით ახერხებდნენ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ცვლილებების მიზანი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაა.

"გირჩმა" ცვლილებები დისკრიმინაციულად შეაფასა.

"ევროპელმა სოციალისტები" სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების წინააღმდეგი არიან. ფრიდონ ინჯიამ ცვლილების ავტორებს დღეს ის ქვეყნებიც დაუწუნა, რომელთა გამოცდილებაც თავდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა.

შეძლებენ თუ არა წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას და იცვლება თუ არა ამ მხრივ არსებული პრაქტიკა? დეტალების დაკონკრეტება მინისტრის მოადგილისგან დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ითხოვეს. გაირკვა, რომ თავდაცვის სამინისტრო მოქმედ ნორმაზე უარს ამბობს.

გაზრდილი საფასურის გარდა ოპოზიციის ნაწილმა საკომიტეტო განხილვაზე უკმაყოფილება იმის გამოც გამოთქვა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდება სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს.

"თავდაცვის კოდექსის" პროექტის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურსა და სარეზერვო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს. მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით დასაქმებული პირები კი სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავლენ. სწორედ მათთან დაკავშირებით დაისვა კითხვა დღეს კომიტეტის სხდომაზე.

დღის ამბები