26 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
რით დაიწყო კრიმინალური გარჩევები კახეთში, რომელშიც "კანონიერი ქურდიც" ჩაერთო - ცხვრის ფარის გატაცების ისტორია

ცხვრის ფარის გატაცების ისტორია - რით დაიწყო კრიმინალური გარჩევები კახეთში, რომელშიც "კანონიერი ქურდიც" ჩაერთო. რამდენჯერმე გადარეკილი ცხვრის ფარა: ჯერ 600 სული, შემდეგ 1000, საკუთარ ფერმაში დატყვევებული მწყემსები და ქურდის ვერდიქტი.

ნოდარ ბადუაშვილი იმ დღეს იხსენებს, როცა 15-მდე პირი მის ფერმაში შეიჭრა, მის ოჯახის წევრებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, სადგომიდან კი ასობით ცხვარი წაიყვანა. გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები თავდასხმის მიზეზებზე მედიასთან არ საუბრობს. მამაკაცი არც დამნაშავეების ვინაობას ასახელებს.

ისტორია ამით არ დაწყებულა. თავდაპირველად გელა ბადუაშვილმა საკუთარი ფერმიდან 600 ცხვარი თანასოფლელ ლევან მებაღიშვილს მიჰყიდა. შეთანხმებით, რომ საქონლის ღირებულებას პერიოდულად, ყოველთვიურად მიიღებდა. როგორც "კურიერმა" გაარკვია, გამყიდველს ცხვრების სანაცვლოდ თანხა ვეღარ გადაუხადეს, ბადუაშვილებმა საქონლის უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, ფერმას მიაკითხეს და კუთვნილი ფარა უკან წაიყვანეს.

ცხვარი კონფლიქტის მიზეზი გახდა, რაზეც სოფელშიც საუბრობენ. მას შემდეგ, რაც ორმა მხარემ ერთმანეთში დავა ვერ მოაგვარა, ლევან მებაღიშვილმა კრიმინალებთან მისვლა გადაწყვიტა და ცხვრების ბედი ე.წ. ავტორიტეტებს ანდო. სწორედ ქუჩური გზით საქმის გარჩევას მოჰყვა ერთხელ გაყიდული და შემდგომ უკან დაბრუნებული ცხვრების ძალადობრივი გზით წართმევა. ამჯერად კიდევ უფრო მეტი რაოდენობით, 1000-ზე მეტი ცხვარი იარაღის მუქარითა და დაშინებით წაიყვანეს.

გამოძიებამ 7 პირის ბრალეულობა დაადგინა. დააკავა საქმეში მონაწილე ყველა მხარე. მამა-შვილ ბადუაშვილებსა და ზურაბ ბერუაშვილს გამოძიება ჯგუფურ ძარცვას. დანარჩენებს კი, ჯგუფურ ძარცვასთან ერთად თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც ედავება. ამ დროისთვის დაკავებულია 5. ორს, გივი ტარიაშვილსა და ნოდარ ბადუაშვილს თვეზე მეტია ეძებენ.

დაკავებულებს ბრალი უკვე დაუზუსტდათ. აღკვეთ ღონისძიებად თელავის რაიონულმა სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებს 4-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები