26 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
ევროკავშირის ყველა ელჩი პარლამენტის თავმჯდომარესთან - დიპლომატებს იმედი აქვთ, რომ "ხალხის ძალის" ინიციატივა კანონად არ იქცევა

ახალ საკანონმდებლო კანონპროექტებთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა შალვა პაპუაშვილს კრიტიკული მოსაზრებები პირადად გადასცეს. აუდიენცია პარლამენტის თავმჯდომარესთან სამ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე, როგორც ევროკავშირის ელჩმა განმარტა, მარტივი დისკუსია არ ყოფილა. სტრატეგიულმა პარტნიორებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ახალი ინიციატივები ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება.

კითხვები აქვს კანონპროექტებთან მიმართებაში ამერიკის ელჩსაც. კელი დეგნანის პოზიცია ასეთია - კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს შეუქმნის.

პარტნიორების წუხილები გასაგებია პარლამენტის თავმჯდომარისთვის. შალვა პაპუაშვილის თქმით, კანონპროექტების თაობაზე დისკუსიის სტიგმატიზებამ დამატებითი შეკითხვები გააჩინა. საკომიტეტო მოსმენები, თავმჯდომარის შეფასებით, ყველა კითხვაზე პასუხის მისაღებად იდეალური საშუალებაა.

გაერთიანებული კომიტეტების ფორმატში საკანონმდებლო ორგანო "ხალხის ძალის" კანონპროექტების განხილვას ხვალ დაიწყებს. კანონპროექტების ავტორები განმარტავენ, რომ მათი მიზანი გამჭვირვალობისა და დემოკრატიის ხარისხის გაზრდა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა.

საპარლამენტო ოპოზიცია "ხალხის ძალის" საკანონმდებლო ინიციატივებს მხარს არ დაუჭერს. დეპუტატები ამბობენ, რომ კანონპროექტები ტოლობის ნიშანს სვამს ქვეყნის ოკუპანტსა და მეგობრებს შორის და აძლიერებს რუსეთის გავლენას. რუსეთის ფარული გავლენების წყაროების გამოსავლენად პარტია "საქართველოსთვის", ახალ საკანონმდებლო ინიციატივას დაარეგისტრირებს.

გიორგი გახარიას თანაგუნდელების ინიციატივას ინტერესით არ შეხვდნენ "მოძრაობა ხალხის" ძალისა და მმართველი გუნდის წევრები. მათი შეფასებით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით, კანონპროექტების განხილვის პროცესის შეფერხებას ცდილობენ.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლების გამჭვირვალობის შესახებ", მოძრაობა ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვას პარლამენტი ხვალ დაიწყებს. პირველის მოსმენის გავლის შემდეგ ავტორებისა და მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, კანონპროექტები, ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება.

დღის ამბები