"საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს მოწმეები გამოიკითხნენ, ყოფილმა მძევლებმა ძარცვის დღე გაიხსენეს.
"მას ეცვა სამხედრო ფორმა. მახსოვს, ერთ ხელში ეჭირა ხელყუმბარა, მეორეში - ავტომატი. მან გვითხრა, რომ დავმორჩილებულიყავით მის წესებს და დავწოლილიყავით იატაკზე. გვითხრა, რომ აგვეღო ჩვენი ტელეფონები და გაგვევრცელებინა ეს ყველაფერი, რომ იყო "საქართველოს ბანკში" ძარცვა. დავრეკეთ ერთ-ერთი მძევლის ტელეფონით და გადავეცით მედიასაშუალებებს, რომ "საქართველოს ბანკის" ფილიალში იყო ძარცვა. მას ჰქონდა მოთხოვნა, ითხოვდა 500 000 დოლარს ხალხის სანაცვლოდ," - აღნიშნა ერთ-ერთმა მოწმემ, თინათინ ხუფენიამ.
ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულმა, საკუთარი ადვოკატის აცილება მოითხოვა. მან მოსამართლეს განცხადებით მიმართა, რომ არ სურს მისი ინტერესები ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას. თავად ალექსანდრე კობაიძის მტკიცებით კი, ბადრი ესებუაზე ზეწოლა მიმდინარეობს.
მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.