26 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
უკრაინაში ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი ჩავიდა - ის უკრაინის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმების გარემოებებს შეისწავლის

საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში - მათ შორის
კიევში, ჩერნიჰივში, სუმში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკსა და კიროვოგრადში.

აფეთქებების ხმა ისმოდა პოლტავის ოლქში. ქალაქ კრემენჩუგის წარმომადგენლებიც ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოლქის თავზე 5 რუსული დრონი ჩამოაგდეს.

ხერსონის ოლქზე საარტილერიო იერიშის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, 5 კი დაშავდა.

დაიბომბა სუმის 7 დასახლებაც. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები აგრძელებენ იერიშებს ბახმუტზე და ცდილობენ სამხრეთ უკრაინაში შეტევისთვის პირობები შექმნან.

პარალელურად, უკრაინაში ჩავიდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი. კარიმ ხანის ვიზიტის მიზანი უკრაინის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმებთან და დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლაა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ამ იერიშებს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ენერგო და წყალმომარაგების სისტემების დაზიანებამ კი პრობლემები შეუქმნა უკრაინის მილიონობით მოსახლეს.

"ჩვენ ვიყავით ერთ-ერთ ელექტროსადგურზე, რომელსაც დაარტყეს. ამ ომმა უკრაინას დიდი ზიანი მიაყენა. ეს, შესაძლოა, პოლიტიკის და გეგმის ნაწილია და ჩვენ უნდა ჩავიდეთ მის სიღრმეში და ვნახოთ, არის თუ არა ეს კრიმინალური დანაშაული და თუკი ეს ასეა, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს იურისდიქცია, რითიც მოხდება მსგავსი საქმეების გამოძიება. როგორც პროკურორი, ჩვენ სასამართლოს ოფიცრები ვართ და უნდა ვიხელმძღვანელოთ სანდო და დამადასტურებელი მტკიცებულებებით," - განაცხადა პროკურორმა. 

კარიმ ხანს შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკი. პროკურორის ვიზიტის მნიშვნელობაზე უკრაინის პრეზინდეტმა მის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაშიც ისაუბრა. ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის გენოციდურ პოლიტიკას აუცილებლად მოყვება სამართლებრივი შედეგები. 

"უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი იმყოფებოდა. ეს ინსტიტუტი და ადამიანი, უდავოდ თამაშობს ისტორიულ როლს რუსი დამნაშავეების პასუხისმგებლობის მიცემაში.

რუსეთის გენოციდურ პოლიტიკას ჩვენი ხალხის მიმართ აუცილებლად ექნება გარდაუვალი სამართლებრივი შედეგები ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ასეთი პოლიტიკა მოიფიქრა, მოიწონა და განახორციელა.

რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი სამუშაო. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ რუსეთის ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ჩვენი ხალხის და უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია" - განაცხადა ზელენსკიმ. 

 

 

დღის ამბები