27 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
2022 წელი ისრაელი-საქართველოს ურთიერთობებში საიუბილეო თარიღია - რა საკითხები განიხილა ისრაელში ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა

5 წლის შემდეგ წმინდა მიწაზე ვიზიტი ისევ შედგა. უმაღლესი დონის პოლიტიკური შეხვედრები ირაკლი ღარიბაშვილმა იერუსალიმში გამართა. ისრაელ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება, რომელიც 30 წელს ითვლის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, ეკონომიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჯერ საკუთარ კოლეგასთან, შემდეგ კი სხვა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ისაუბრა.

ამით პრემიერი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს ასრულებს. ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში იორდანიის სამეფოდან ჩავიდა, სადაც საქართველო უკვე 4 ათასი კვადრატული მიწის მფლობელია. მაცხოვრის ნათლობის ადგილთან ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. მანამდე კი, საქართველოს დელეგაცია შუა საუკუნეების ქართული რელიგიური და საგანმანათლებლო ცენტრის, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სტუმარიც იყო, თუმცა არანაკლებ აქტუალურია ის პოლიტიკური შეხვედრები, რომლებიც პრემიერს პოლიტიკურ დონეზე ჰქონდა.

მთავრობის მეთაურმა ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტი კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. 2022 წელი ისრაელი-საქართველოს ურთიერთობებში საიუბილეო თარიღია. დიპლომატიური კავშირების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა განიხილეს შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ნაფტალი ბენეტმა, ითქვა ისიც, რომ პარტნიორობა უნდა განვითარდეს არაერთი მიმართულებით და მოიცვას ისეთი სფეროები როგორებიცაა - განათლება, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქნესეთის თავმჯდომარემ, მიკი ლევიმაც უმასპინძლა. ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის განხილვისას აღინიშნა, რომ საჭიროა კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება აფასებს ისრაელის სახელმწიფოს მტკიცე და ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით.

30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების კონტექსტში, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა რომ სამაგალითოა, ეს ფაქტი აღინიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან აუდიენციის დროსაც. იაირ ლაპიდი, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან ერთად, ისრაელის ალტერნატიული პრემიერ-მინისტრია, მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან თანამშრომლობა უფრო მრავალმხრივი გახდეს. საქართველოსადმი მეგობრული დამოკიდებულება ისრაელის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა სოციალური ქსელის საშუალებითაც გამოხატეს.

მთავრობის ხელმძღვანელი დღეს ჰერცლის, ანუ ხსოვნის მთაზეც იმყოფებოდა. მემორიალურ მუზეუმში, "იად ვაშემ"-ში ყოფნისას ირაკლი ღარიბაშვილმა ნაცისტების მიერ განადგურებული ებრაელების ხსოვნას მიაგო პატივი, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ქართულმა დელეგაციამ იერუსალიმის ჯვრის მონასტერიც მოინახულა. დელეგაციის წევრებს ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა ფილუმენმა უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა მონასტერს საჩუქრად გადასცა მე-13 საუკუნეში იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის ლუკა იერუსალიმელის ხატი. ირაკლი ღარიბაშვილმა, შოთა რუსთაველის ქუჩაზე ყვავილებით შეამკო შოთა რუსთაველის მონუმენტი.

საქართველოს დელეგაცია ისრაელის დედაქალაქში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

დღის ამბები