მაიმუნის ყვავილმა მეცნიერები კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის შესახებ 1958 წლიდან ყველამ იცოდა, ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. ახლა სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ საიდან დაიწყო ვირუსის გავრცელება და რა გზა არსებობს დავადების შესაჩერებლად. დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში 75 -ე ასაბლეაზე ვირუსის გავრცელების საფრთხეებიც განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღეს.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მაიმუნის ყვავილის შეკავება შესაძლებელია, თუ სწრაფი რეაგირება და რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდება. პირდაპირ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინები, რომლებიც ჩუტყვავილას აღმოსაფხვრელად გამოიყენებოდა, 85%-მდე ეფექტურია დაავადების წინააღმდე. ევროკავშირი აქტიურად მუშაობს როგორც ვაქცინების, ისე ანტივირუსული საშუალებების მარაგების შევსებაზე, კომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა ლაბორატორიული პროტოკოლის შექმნის თაობაზე.
საქართველოში უკვე მობილიზებულია ლუგარის ლაბორატორია, სადაც მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს, არცერთი ფაქტი და არც საეჭვო ნიმუში კვლევით ცენტრში ჯერ არ შესულა. სპეციალისტები ამბობენ, რომ მაიმუნის ყვავილი არ არის დაავადება, რომლისაც საზოგადოებას უნდა ეშინოდეს.
მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 7 მაისს დადასტურდა. ვირუსი უკვე 20 ქვეყანაშია გავრცელებული და 200-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი.