27 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
პოლონეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - რას უყვება "რუსთავი 2"-ს მოკლული ქალის ძმა 

პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქართველი ქალის ცხედარი ქალაქ ლოძის პროზექტურაში რჩება, სამი მცირეწლოვანი ბავშვი კი პოლიციამ თავშესაფარში გადაიყვანა.

"კურიერმა" დღეს დანაშაულის ახალი დეტალები გაარკვია. 27 წლის როზეტა ყალიჩავას სასტიკი მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, საქართველოში დაბრუნების მცდელობა გახდა. აღმოჩნდა, რომ ქალი მოძალადე ქმრისგან თავის დაღწევას სამშობლოში გაქცევით ცდილობდა. მოკლულის ძმა "კურიერთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ ქალს ვარშავა-თბილისის რეისზე ბილეთი უკვე ნაყიდი ჰქონდა და სამ მცირეწლოვანთან ერთად საქართველოში დაბრუნებას 11 ივნისს გეგმავდა.

დღეს საქმის ახალი დეტალები ლოძის პროკურატურამაც გაასაჯაროვა. პროკურორის განცხადებით, ქმარმა ქალს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში მიაყენა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი წაუკიდა.

ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან ზუგდიდში, როზეტა ყალიჩავას ოჯახში. პოლონეთის საგამოძიებო უწყებაში გარდაცვლილის ახლობლებს განუმარტეს, რომ ცხედარს მხოლოდ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადასცემენ. საქმეში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტროც.

როზეტა ყალიჩავას საქმემ და ბოლო დღეებში, ქალთა მკვლელობის რამდენიმე ფაქტმა უფლებადამცველებს საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებისკენ უბიძგა. ორგანიზაცია "საფარი" ფემიციდის შემთხვევებზე კანონის გამკაცრებას ითხოვს.

ინიციატივაზე მსჯელობენ საკანონმდებლო ორგანოშიც. საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ ფემიციდზე სასჯელი მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს. 

პოლონეთში მოკლული ქალის ქმარს ადგილობრივი კანონმდებლობით გაასამართლებენ. ცნობილია, რომ მკვლელობის შემდეგ ქმარმა თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც ის ამ დრომდე საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები