27 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
სამხედრო ფიცის დადება და ქალაქის მთავარ მოედანზე აჟღერებული ორი ჰიმნი - როგორ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ღვთისა და ერის წინაშე ერთგულების ფიცი დღეს რამდენიმე ასეულმა რეკრუტმა დადო. დამოუკიდებლობის დღეს, ფიცის დადების ცერემონიისთვის, დედაქალაქის გარდა, 5 ადგილი შეარჩიეს - საქართველოს კულტურით, ისტორიით და საბრძოლო დიდებით გამორჩეული ადგილები.

ერთგულების ფიცი რეკრუტებმა პირველად დადეს ქვემო ქართლში, დმანისში, პირველი ევროპელების აღმოჩენის ადგილას, ქვემო ქართლში, სადაც სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა. ადამიანი, რომელმაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის უდიდესი ღვაწლი გასწია.

შემთხვევით არც სოფელი მატანი შეურჩევიათ - ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების ადგილი. პოლკოვნიკის, რომელმაც ზუსტად 100 წლის წინ რუსული ოკუპაციისგან საქართველოს გამათავისუფლებელი ბრძოლა დაიწყო.

ხევსურეთში ფიცი ქართველ მთიელთა მთავარ მოლაშქრე ჯვართან დადეს, იქ, სადაც სამშობლოს ერთგულებას მეომრები საუკუნეების განმავლობაში ეფიცებოდნენ - ისევე, როგორც ერთი საუკუნის წინ, 1922 წელს, ხევსურეთის აჯანყების დროს.

ფიცის დადების ცერემონია შედგა გურიაშიც, შემოქმედის მონასტერში. ტაძარში, სადაც წლების განმავლობაში ეპისკოპოსი იაკობ დუმბაძე მსახურობდა. სასულიერო პირი, რომელმაც ევროპაში არაერთხელ იმოგზაურა და რომის პაპ ინოკენტი მეთერთმეტეს შეხვდა.

ფოთს, მითიურ ფაზისს უკავშირდება ლეგენდა არგონავტების შესახებ. აქ საუკუნეების წინ იჭრებოდა ლეგენდარული ვერცხლის მონეტა, კოლხური თეთრი. სწორედ ისტორიული მნიშვნელობის და ნიკო ნიკოლაძის პატივსაცემად - ფიცის დადების კიდევ ერთ ადგილად ფოთი შეირჩა.

კავშირი ევროპასთან და დასავლურ ღირებულებებთან 2022 წლის 26 მაისის მთავარი გზავნილი იყო. ეს გამოიხატებოდა მთავარ სლოგანში "ევროპისკენ", თავისუფლების მოედანზე საქართველოში წარმოებული და დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებული ტექნიკის გამოფენაში, ასევე, მწყობრში, ერთმანეთის გვერდით მდგომ ქართველ და ამერიკელ სამხედროებში.

ფიცის დადების შემდეგ, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ისტორიაში, ეროვნული ჰიმნი ბავშვებმა შეასრულეს.

ტრადიციულად, სამხედრო მოსამსახურეებმა ჯარისკაცის მრწამსი წაიკითხეს.

სამშობლოს ერთგულების და თავგანწირვის ფიცის ხმამაღლა გამეორებას ანსამბლ "რუსთავის" მიერ შესრულებული "მრავალჟამიერი" მოჰყვა.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ევროკავშირის ჰიმნით დასრულდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შეასრულეს.  ჰიმნი, სიმბოლურად, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, გორის ქალთა კამერულმა, ასევე, სამების ტაძრის საპატრიარქო და თბილის ოპერის გუნდებმა შეასრულეს.

სწორედ ამ დროს თბილისს, მოდერნიზებულმა მი-24-ს და იროკეზის ტიპის ვერტმფრენებმა ევროკავშირის და საქართველოს დროშებით გადაუფრინეს, რის შემდეგაც თავისუფლების მოედნის თავზე საქართველოს დროშის კონტურები სუ-25 ტიპის მოიერიშეებმა დატოვეს.

დღის ამბები