27 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
მაიმუნის ყვავილი მჭიდრო ფიზიკური კონტაქტის, მათ შორის - სექსუალური კავშირის შედეგად ვრცელდება - რა სიმპტომებზე საუბრობენ ექიმები

დიდ ბრიტანეთში პირებს, რომლებიც მაიმუნის ყვავილით დაავადებულებთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ და ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ, მოუწოდებენ, 21 დღე იზოლაციაში გაატარონ, ამის შესახებ BBC წერს. ამასთან, მათ აძლევენ რეკომენდაციას, განსაკუთრებით მოერიდონ იმუნოსუპრესირებულ ადამიანებს, ორსულებს და 12 წლამდე ბავშვებს.

დიდ ბრიტანეთში, ამ დროისთვის, 20 დადასტურებული შემთხვევაა. მაიმუნის ყვავილის 80-ზე მეტი ინფიცირება გამოვლინდა ევროპაში, აშშ-ში, კანადაში, ისრაელსა და ავსტრალიაში. 

მაიმუნის ყვავილი ვირუსული ინფექციაა, რომელიც, უმეტესად, ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში ვრცელდებოდა. დაავადება ადამიანებს შორის მარტივად არ ვრცელდება, გადადება ხდება მხოლოდ ახლო ფიზიკური კონტაქტის დროს, მათ შორის - სექსუალური კავშირის შედეგად. 

სიმპტომებს შორის არის მაღალი ტემპერატურა, კუნთების ტკივილი და გამონაყარი, რომელიც, მოგვიანებით, წყლულებად იქცევა. BBC წერს, რომ სიმპტომები, როგორც წესი, არ არის მძიმე და ინფიცირებულთა უმეტესობა 2-დან 4 კვირამდე სრულად გამოჯანმრთელდება. 

ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მიიჩნევა პირი, რომელსაც ჰქონდა ინფიცირებულთან საყოფაცხოვრებო, ან - სექსუალური კონტაქტი. ამას გარდა, დაინფიცირების დიდი შანსია დაავადებულის თეთრეულის გამოცვლის დროს, სპეციალური დამცავი აღჭურვილობის გარეშე. 

 

ვირუსით გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა აფრიკის კონტინენტზე.

დღის ამბები