27 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
მთავარია, ახლა "აზოვსტალიდან" მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია თქვენი ვარაუდებით და იდეებით არ დაზიანდეს - "აზოვის" დამფუძნებელი საზოგადოებას პროცესის კრიტიკისგან თავშეკავებას ურჩევს

აზოვის დამფუძნებელი საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მარიუპოლში,  "აზოვსტალიდან" სამხედროების გამოყვანის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან, რათა ამით პროცესს ზიანი არ მიაყენოს.

ანდრეი ბილეცკი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჯარისკაცები 82 დღე-ღამის განმავლობაში გმირულად ებრძოდნენ რუს დამპყრობლებს,რომლებმაც მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ გამოიყენეს რაკეთები, აკრძალული ბომბები, საზღვაო და სახმელეთო არტილერია, ჯავშანტექნიკა, ავიაცია და სხვა იარაღი.

"80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი მტრის ალყას აკავებდნენ, მტრის უზარმაზარი რიცხობრივი უპირატესობის, საშინელი საჰაერო, საზღვაო, საარტილერიო დაბომბვების პირობებში. მათ გააკეთეს ისეთი რამ, რაც აუცილებლად შევა სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოებში. ახლა მთავარი ამოცანაა, ამ ფოლადის ხალხის გადარჩენა. ისინი , რა თქმა უნდა,  კვლავ დასჭირდება უკრაინას. მთავარია,  ახლა მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია არ დაზიანდეს თქვენი ვარაუდებით, იდეებით,  შიდა ამბებით. დიდი თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც თავისი აზრების გაზიარება სურს "აზოვსტალში" მიმდინარე მოვლენების შესახებ ან იმათთან, ვინც ამასთან დაკავშირებით გარკვეულ საიდუმლოებებს და შიდა ამბებს ფლობს და მსოფლიოსთვის მათი გაზიარება სურს - ეს საიდუმლოებებიც და თქვენი აზრებიც თქვენთვის დაიტოვეთ", - განაცხადა ბილეცკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2-3 დღეში მარიუპოლის გარნიზონი, ამ ოპერაციასთან დაკავშირებით, აუცილებელ და მკაფიო ინფორმაციას მიაწვდის.

"ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ გარნიზონი, პოლკი კავშირზეა. მე ვიცი, იქ რა ხდება. გარნიზონი ადგილზეა იარაღით ხელში, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი იქნება, უკრაინა არ დააზიანოთ, დიდება უკრაინას", - განაცხადა ანდრეი ბელეცკიმ.

 შეგახსენებთ, 16 მაისს, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპანტებმა "აზოვსტალში" მყოფ უკრაინელ მებრძოლებთან მიაღწიეს შეთანხმებას, დაჭრილი ჯარისკაცებისთვის დერეფნის გახსნაზე, საოკუპაციო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ნოვოაზოვსკის მიმართულებით.

ამის შემდეგ, აზოვის მეთაურმა დენის პროკოპენკომ ("რედის") განაცხადა, რომ "მარიუპოლის მთელი გარნიზონისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს."  პროკოპენკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთი იარაღი არ იმუშავებს პროფესიონალურად მომზადებული სამხედრო პერსონალის გარეშე და სწორედ ეს აქცევს სამხედრო პერსონალს ჯარის ყველაზე ღირებულ ნაწილად.

17 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. თავდაცვის უწყების თანახმად, 16 მაისს 53 მძიმედ დაჭრილი აზოვსტალიდან სამედიცინო დახმარებისთვის ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით გადაიყვანეს იელენოვკაში და  მათი შემდგომი დაბრუნებისთვის გაცვლის პროცედურა განხორციელდება.

არსებული ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების მარიუპოლის ქარხანა "აზოვსტალიდან" გამოყვანის ოპერაცია გრძელდება. დღეს "როიტერსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "აზოვსტალის" ტერიტორია კიდევ 7 ავტობუსმა დატოვა, რომელშიც უკრაინელი მებრძოლები იყვნენ.

მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან სპეციალური დანიშნულების რაზმი "აზოვი", ეროვნული გვარდიის მე-12-ე ბრიგადა, საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა, მესაზღვრეები, პოლიციელები, მოხალისეები და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები. ისინი ქალაქს ომის დაწყების დღიდან იცავენ, თუმცა ძლიერი ბლოკადისა და გარე დახმარების სრული შეწყვეტის პირობებში, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა.

 

დღის ამბები