27 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
პრემიერი სრულიად საქართველოს დღევანდელ დღესასწაულებს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი სრულიად საქართველოს დღევანდელ დღესასწაულებს ულოცავს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ირაკლი ღარიბაშვილი ამ დღის მნიშვნელობაზე წერს და აღნიშნავს, რომ ეს ის ფასეულობებია, რომლებმაც ისტორიულად განაპირობა დემოკრატიის, ადამიანის თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის პოლიტიკური იდეალები და საფუძვლად დაედო თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციას.

"გულითადად გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს!

ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ქრისტეს პირველმა მოციქულმა საფუძველი ჩაუყარა ქრისტიანობის გავრცელებას ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ქვეყანაში.

ორ ათასწლეულზე მეტია, რაც მაცხოვრის სიტყვა და სახარების ფასეულობები განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, ისტორიას, კულტურას, სახელმწიფოებრიობას, ცხოვრების წესს.

ეს ის ფასეულობებია, რომლებმაც ისტორიულად განაპირობა დემოკრატიის, ადამიანის თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის პოლიტიკური იდეალები და საფუძვლად დაედო თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციას.

ამ ფასეულობებისადმი განუხრელი ერთგულების ნიშნად, 2018 წელს ჩვენ გავიზიარეთ მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღის ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების შესახებ.

დღეს, როდესაც საქართველო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ახლოსაა ცივილიზაციური არჩევანის - ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში დაბრუნების მიზანთან, სწორედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული სულიერი და ეროვნული ფასეულობები გვიმაგრებს ზურგს და მჯერა, რომ მომავალშიც არსებით როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში," - წერს პრემიერ-მინისტრი. 



დღის ამბები