27 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
პოზიტიური მოლოდინები და ერთიანობის საჭიროება - საქართველო კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს ევროკავშირს მომდევნო კვირას გადასცემს

საქართველო კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს ევროკავშირს მომდევნო კვირას გადასცემს. დოკუმენტი დარგობრივ საკითხებსა და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება. კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილს მოიცავს, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს პრემიერ-მინისტრმა 2 მაისს ჩააბარა. სწორედ ქართული მხარის მიერ გაცემულ ამ პასუხებზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილება კი სავარაუდოდ ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი.

ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც 2 300 კითხვაზე პასუხს ითვალისწინებს და არის სექტორული ნაწილი, ქართული მხარე ევროკავშირს 10 მაისს გადასცემს. ევროკომისია ქართული მხარის მიერ გადაცემული პასუხების მიხედვით შეფასების ანგარიშს გადაუგზავნის ევროკავშირის საბჭოს, რომელიც გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ივნისში გამოაცხადებს. სწორედ მათ შეფასებაზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მათი პარტია ამ პროცესს მხარს უჭერს და მნიშვნელობა არ აქვს ეს რომელი მთავრობის პირობებში ხდება. მისი თქმით, მთავარი საკითხი რეფორმების გატარება და მთავრობისა და ოპოზიციის ერთიანობაა.

"სტრატეგია აღმაშენებელი" მხარს უჭერს ამ პროცესს და მნიშვნელობა არ აქვს რომელი მთავრობის პირობებში ხდება ეს. აქ მთავარია ის, რომ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს თავის ისტორიულ არჩევანს ევროპისკენ. ეს არ არის უნარების ტესტი, აქ დემოკრატიის სტანდარტზეა ლაპარაკი, ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არ უნდა იყოს, ის, რომ თავსებადი უნდა იყოს ევროპასთან. ჩვენ მაინც მოგვიწევს დაჩქარებული წესით რეფორმების გატარება, აქ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად უნდა ვიყოთ. ეს არის მთავარი საკითხი," - აცხადებს მანჯგალაძე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მარიამ ლაშხის თქმით, საქართველო ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა და მოლოდინები პოზიტიურია, რასაც ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები ამყარებს.

"საქართველო ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება, როგორც იცით, უკვე მეორე ნაწილი კითხვარის, რომელიც უფრო ტექნიკური ხასიათის იყო, თუმცა გაცილებით შრომატევადი - უკვე შევსებულია და რომ არა მაღალი პროფესიონალიზმი და კოორდინირებული მუშაობა, ეს პროცესი ასეთი სწრაფი და ეფექტური არ იქნებოდა. როგორც იცით, ჩვენ კითხვას ვადაზე ადრე გადავცემთ და შემდეგ უკვე დაველოდებით ევროკომისიის დასკვნას. მოლოდინები პოზიტიურია და ამ პოზიტივს გვიმყარებს ის რომ ჩვენ ბოლო წლებში წარმატებულად განვახორციელეთ რეფორმები,​" - ამბობს ლაშხი.

დღის ამბები