27 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
უთანხმოება ყოფილ პარტნიორებს შორის - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას სააკაშვილის ციხიდან დახსნის სტრატეგიას უწუნებს

თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას სააკაშვილის ციხიდან დახსნის სტრატეგიას უწუნებს და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებს. 

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ მელიამ ვერ ივარგა და ექს-პრეზიდენტის საპატიმროდან გათავისუფლების პროცესი სისრულეში ამიტომაც ვერ მოიყვანა. 

თაკო ჩარკვიანი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს კიდევ ერთ ბრალს უყენებს, მას მიაჩნია, რომ ნიკა მელიამ ქუჩაში ხალხის გამოყვანის ნაცვლად პროცესი მიაძინა. 

დღეს მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი არ ყოფილა ერთადერთ, ვინც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ბრალი წაუყენა. "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებენ მისი ყოფილი წევრებიც. "ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობამდე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიყვანა. 

კრიტიკოსებმა პასუხი აქციიდან მიიღეს და განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გადაყვანის მთავარი გზა საერთაშორისო პარტნიორებთან მიდის, რომლებთანაც მათი თავმჯდომარე აქტიურ კომუნიკაციაშია.

ვიდრე ექსპრეზიდენტის თანაგუნდელები და მხარდამჭერები ერთმანეთში არკვევენ, ვის რა უნდა მოემოქმედებინა ლიდერის გასათავისუფლებლად - მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში რჩება და მისი სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ახლა აქციებს ოჯახი მართავს.

ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" სხვა პარტიებთან საქმეს არჩევს, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მორიგ სასამართლო პროცესს ელოდება.

დღის ამბები