27 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
დამნაშავეებმა თაღლითური სქემით 500 000 კვადრატული მიწის ნაკვეთი მიითვისეს - სასამართლომ საქართველოს ერთი და უცხოეთის ორი მოქალაქე დამნაშავედ სცნო

დამნაშავეებმა, თაღლითური სქემით, 500 ათასი კვადრატული მიწის ნაკვეთი მიითვისეს.

აჰმედ აქისქალ-გოჩიტიძემ, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა უნდა დაეწყო სხვის სახელზე იყო გადაფორმებული, დახმარებისთვის საგამოძიებო უწყებას მიმართა.

ძიების პროცესში გაირკვა, რომ ვინმე ალექსანდრე თალაკვაძემ, რომელიც გოჩიტაძესთან საქმიან კავშირში არ იყო, ორ უცხოელ თანამზრახველთან ერთად ყალბი მინდობილობა დაამზადა და მილიონ ნახევრის ღირებულების ქონება მოტყუებით გადაიფორმა.

თაღლითური გზით მითვისებული მიწა ბიზნესმენს უკვე დაუბრუნდა, ალექსანდრე თალაკვაძე კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გამოძიებამ ბრალი თაღლითური სქემის მონაწილე უცხოელ პირებსაც წაუყენა, თუმცა მათ საქართველოს დატოვება მოასწრეს.

დაზარალებული ბიზნესმენი "კურიერთან" ჰყვება, რომ ის ერთ-ერთ კომპანიას მინდობილობით ხელმძღავნელობდა, ოფისში მისვლისას შემთხვევით გაიგო, რომ მისთვის უცნობმა პირმა, გაყალბებული დოკუმენტაციით, მუხრანში და ნიგოზაში მდებარე მიწის ნაკვეთები საკუთარ სახელზე გადაიფორმა. ამის შემდეგ აჰმედ აქისქალ-გოჩიტიძემ სამართლებრვი ბრძოლა გადაწყვიტა და საგამომძიებო უწყებებს მიმართა. სამართალდამცავებმა გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყეს.

"კურიერის" ინფრომაციით, პირი რომელზეც ბიზნესმენი საუბრობს, ალექსანდრე თალაკავძეა. ის აჰმედ აქისქალ-გოჩიტიძესთან დაახლოვებული პირი არ იყო, არც საერთო ბიზნესი ქონდათ. გამოძიების ვერსიით, დამნაშავე შემდეგი სქემით მოქმედებდა - უცხო ქვეყნის ორ მოქალაქესთან ერთად თალაკვაძემ ყალბი მინდობილობა დაამზადა, შემდეგ საქართველოში მოქმედი, უცხოელი ინვესტორების მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ქონება მოტყუებით გადააფორმა ოჯახის წევრზე. საუბარია სულ 500 000 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთზე.

ეს უძრავი ქონება, პროკურატურის შუამდგომლობით, გამოძიების დაწყებისთანავე დაყადაღდა და დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირები ვეღარ განკარგავდნენ. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ საქალაქო სასამართლოს ვერდიქტი ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შედეგია.

საქმეში ბრალდებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქე არ იყო, გამოძიებამ დაუსწრებლად ბრალი ორ პირსაც წარუდგინა, ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობენ.

სასამართლო განაჩენზე სასაუბროდ "კურიერი" ალექსანდრე თალაკვაძის ინტერესების დამცველსაც დაუკავშირდა, თუმცა ადვოკატმა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

დღის ამბები