27 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი ხვალ უნდა წარადგინოს - დოკუმენტში შესაძლოა რუსული ენერგორესურსების ემბარგოზე იყოს საუბარი

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი ხვალ უნდა წარადგინოს, თუმცა რა წერია დოკუმენტში, ჯერ უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ბრიუსელში  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იმისათვის იკრიბებიან, რომ სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს.  

მოლოდინია, რომ ახალ პაკეტში საუბარი რუსული ენერგორესურსების ემბარგოსთან დაკავშირებით იქნება. 

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ომის შემდეგ ქვეყანამ რუსული ნავთობის მოხმარება 5%-დან 20%-მდე დაწია. მისივე თქმით, უკეთესი იქნებოდა პრობლემის მოგვარებისთვის უფრო მეტი დრო ჰქონოდათ, თუმცა გერმანია  ნავთობის ემბარგოს წინააღმდეგი არ იქნება.  

"ომის დაწყებამდე რუსულ ნავთობზე საკმაოდ ვიყავით დამოკიდებული. 35%-დან 20%-მდე ჩამოვწიეთ რუსული ნავთობის მოხმარება. თუკი დადგება საკითხი რუსული ნავთობის ემბარგოზე და ჩვენ არ გვექნება დრო რომ მოვაგვაროთ ყველა პრობლემა, როგორიც არის ფასების ზრდა, უსაფრთხოების საკითხები ახალ მოწოდებასთან დაკავშირებით, ეს მაინც არ დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკას მთლიანობაში და შემიძლია ვთქვა რომ, ორი თვიანი მუშაობის შემდეგ, გერმანია არ იქნება ნავთობის ემბარგოს წინააღმდეგი. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა გვქონოდა რამდენიმე კვირა ან თვე მოსამზადებლად, ტექნიკურ მომზადებას ვგულისხმობ.

გვჭირდება დავგეგმოთ როგორ შემოვიტანოთ გემით ნავთობი, მოსამზადებელია მილები, დრო, რა თქმა უნდა შეგვეშველებოდა, მაგრამ სხვა ქვეყნებს ამაზე მეტი პრობლემები აქვთ და როცა ჩვენ სხვებისგან ვითხოვთ შევიდნენ გერმანიის მდგომარეობაში, საპირისპიროდ ჩვენც უნდა ვიყოთ სოლიდარული იმ ქვეყნების მიმართ, ვისაც ახლა უარესი ვითარება აქვს. რუსებს კი მივმართავდი, შეწყვიტეთ ომი და წადით სახლში," - განაცხადა რობერტ ჰაბეკიმ.

ავსტრიის კლიმატის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, მობილურობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ფედერალური მინისტრი, ლეონორე გევესლერი ამბობს, რომ ავსტრია მზად არის მხარი დაუჭიროს ნავთობის ემბარგოს, თუ კომისიისა და წევრი სახელმწიფოების მიერ ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

"ჩვენ ამჟამად ძალიან რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ვიმყოფებით. რუსეთის ომს მასობრივი გავლენა აქვს არამარტო უკრაინაზე, არამედ ევროპის ენერგომომარაგების უსაფრთხოებაზეც. დღეს საბჭოში ინტენსიურად განვიხილავთ გაზმომარაგებისა და ნავთობის ემბარგოს საკითხებს.

ავსტრია მზად არის მხარი დაუჭიროს ნავთობის ემბარგოს, თუ კომისიისა და წევრი სახელმწიფოების მიერ ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ავსტრია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შესამცირებლად, მარტში კი ავსტრიაში რუსული ნავთობი საერთოდ არ გადამუშავებულა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვადასხვა წევრ სახელმწიფოებში სიტუაცია განსხვავებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა გამოვავლინოთ როგორც სანქციების შემუშავებაში, ასევე ევროპის ქვეყნებზე ამ პროცესის ზეგავლენასთან გამკლავებში," - ამბობს ლეონორე გევესლერი.

 

დღის ამბები