27 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ძმები, ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, საზოგადოებასთან შეხვედრებს იწყებენ და აქციებს აანონსებენ

მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა სულ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა - ყოფილი პრეზიდენტის ძმების განცხადებით, ხვალიდან სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს იწყებენ, აანონსებენ საპროტესტო აქციებსაც. მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა.

"გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს და ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ ძალიან აქტიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება გაგრძელება იმისა, რასაც დავიწყებთ რეგიონებში, მოვივლით ყველა რეგიონს. დავიწყებთ აჭარიდან, მოვყვებით სამეგრელოს," - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ძმის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ოჯახი არ ითხოვს პატიმრის შეწყალებას, არამედ სასჯელის გადავადებას, რათა ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაამგზავრონ.

"არ ვითხოვთ ჩვენ არც შეწყალებას, საუბარი არის სასჯელის გადავადებაზე. გავუშვათ მიშა სააკაშვილი სამკურნალოდ, რომელსაც ძალიან საჭიროებს ამ ეტაპზე. იმედი მაქვს საზოგადოების, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგება," - აცხადებს გიორგი სააკაშვილი.

დღის ამბები