ომის 68-ე დღეს, მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღის პირველ ნახევარში განახლდა. ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი ადასტურებს. მისი თქმით, საევაკუაციო ავტობუსებმა საპორტო ქალაქი უკვე დატოვეს.
100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში უკვე ჩავიდა. ისინი ქალაქის მცველებთან ერთად "აზოვსტალის" მიწისქვეშა თავშესაფრებში 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
პარალელურად, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - რუსულმა ჯარებმა ოდესის რეგიონში, დნესტრის შესართავთან, ხიდი მესამედ დაბომბეს. ინფორმაცია ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გაავრცელა.
ამ დრომდე, აღნიშნულ ხიდზე სარაკეტო შეტევა 26 და 27 აპრილს განახორციელდა. ამასთან, რუსებმა გაანადგურეს ცნობილი გიმნაზია ლუჰანსკის რეგიონში, რომელიც ორ მსოფლიო ომს გადაურჩა.