ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც შენობის შიდა და მიმდებარე ტერიტორიას გველები შეესივნენ. მასწავლებლები ყვებიან, რომ ქვეწარმავლები იატაკიდან და კედლებიდან საკლასო ოთახებში შედიან. მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით კი, სწავლა უკვე ორი კვირაა დისტანციურ რეჟიმში ტარდება.
ადგილობრივები ყვებიან, რომ სამების სკოლა და მიმდებარე ტერიტორია ამ პრობლემის წინაშე წლებია დგას. მათი თქმით, გველები უმეტესად წლის ამ სეზონზე ჩნდებიან.
ამ დრომდე არ არის დადგენილი, გველების სიმრავლის მიზეზი, სკოლაში შენობის სიძველეა თუ ახლო მდებარე ტბა. ქვეწარმავლების მომრავლების ზუსტი მიზეზების დასადგენად და სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად ნინოწმინდის მერიის დახმარებით სოფელ სამებაში სპეციალური ჯგუფი უკვე ჩავიდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. სკოლაში, სადაც 14 ბავშვი სწავლობს, შეწამვლის ეფექტურობასა და სპეციალისტების მიერ ჩატარებული მოკვლევითი სამუშაოების დასკვნას ელოდებიან.