მსოფლიო ხედავს და თქვენ პასუხს აგებთ - ასე მიმართა რუსეთს გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას.
ბეთ ვან შააკი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ დონეცკის მახლობლად რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს უკრაინელები, რომლებიც დანებებას ცდილობდნენ. ელჩმა რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში ჩადენილი სხვა დანაშაულებების შესახებაც ისაუბრა.
"შეერთებული შტატების შეფასებით, რუსული ძალები უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადიან. ეს შეფასება ეყრდნობა საჯარო და დაზვერვის წყაროების ზედმიწევნით მიმოხილვას. როდესაც ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა წვდომა მოიპოვეს ტერიტორიებზე, რუსების უკან დახევის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა რიგის ძალადობა. სანდო ცნობები ხელებშეკრული ადამიანების სიკვდილით დასჯის, წამების ნიშნების მქონე ცხედრების, ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის შემთხვევების შესახებ.
ჩვენ ახლა გვაქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონეცკის მიდამოებში მოქმედმა რუსულმა სამხედრო ნაწილმა სიკვდილით დასაჯა უკრაინელები, რომლებიც დანებებას ცდილობდნენ. თუ ეს სიმართლეა ეს იქნება ომის კანონების ძირითადი პრინციპების დარღვევა. მათ, ვინც ჩაიდინა და გასცა ამ დანაშაულებების ჩადენის ბრძანება, პასუხი უნდა აგონ და ამის მტკიცებულებები ყოველდღიურად მატულობს.
ჩვენი მარტივი გზავნილი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ასეთია: მსოფლიო გიყურებთ და თქვენ პასუხს აგებთ,"- აცხადებს ბეთ ვან შააკი.