27 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევამციროთ მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიაზე უკრაინის კრიზისის გავლენა - ანტონიო გუტიერეში

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ამ წუთებში მოსკოვში სერგეი ლავროვს ხვდება - იქამდე ის თურქეთში იმყოფებოდა. გუტიერეში დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც შეხვდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შეხვედრისას საკმაოდ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ.

"თქვენს ინიციატივას, რომ გვქონდა კომუნიკაციის შესაძლებლობა რიგ საკითხებზე, განსაკუთრებით კი უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე - დაუყონებლივ ვუპასუხეთ. ეს საკითხი გახდა გარკვეული პრობლემების კატალიზატორი.

ცხადია, რომ ვაფასებთ თქვენს სურვილს ასეთ რთულ დროს გაიმართოს კიდევ ერთი მოლაპარაკების რაუნდი. ასევე გაღრმავდეს ჭეშმარიტი მულტილატერალიზმი. ამ პრინციპებს წლების განმავლობაში პატივს არ სცემდა დასავლეთი. ჩვენ განვიხილავთ საკმაოდ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს. დღის მეორე ნახევარში კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ვისაუბრებთ, რომელიც ასევე აფასებს ჩვენს კომუნიკაციას," - ამბობს ლავროვი.

რაც შეეხება თავად გაერო-ს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს, ის სერიოზული დიალოგის საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას, რათა უკრაინაში არსებული ტანჯვა შემცირდეს. გუტიერეშის განმარტებით, ეფექტური დიალოგისთვის და ცეცხლის შეწყვეტისთვის პირობები უნდა შეიქმნას.

"უკრაინაში რთული სიტუაციის პირისპირ ვართ. ამიტომ უნდა გვქონდეს სერიოზული დიალოგი, რომ შევამციროთ ის ტანჯვა, რაც უკრაინაში ხდება. უნდა შეიქმნას პირობები ეფექტური დიალოგისთვის და ცეცხლის შეწყვეტისთვის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი გამოსავლისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევამციროთ მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიაზე უკრაინის კრიზისის გავლენა. ძალები არ უნდა დავზოგოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი და ადამიანების ტანჯვა. პასუხი უნდა გავცეთ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე მოწყვლადი ადამიანების საჭიროებებს," - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

დღის ამბები