ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყოს სტრატეგიული მარცხი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ნიუ-დელიში, საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ევროპის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე უწოდა. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე და გაიხსენა ვიზიტი ბუჩაში.
"ევროპაში ჩვენ განვიხილავთ რუსეთის აგრესიას როგორც პირდაპირ საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესია იყოს სტრატეგიული მარცხი.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის სურათებმა შოკში ჩააგდო და აგდებს მთელ მსოფლიოს. ორი კვირის წინ მე ვიმყოფებოდი ბუჩაში, კიევის შემოგარენში, რომელიც განადგურებულია რუსეთის ძალების მიერ.
მე საკუთარი თვალით ვიხილე მიწაზე დაწყობილი ცხედრები. ვნახე მასობრივი სამარხები. მე კრემლის სამხედროების მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს გადარჩენილებს ვუსმენდი. ვნახე დაბომბილი სკოლები, საცხოვრებელი სახლები და საავადმყოფოები. უდანაშაულო მოქალაქეების სამიზნეში ამოღება და მკვლელობა, საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა, თავისუფალი ხალხის ნების დამორჩილება – ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა," - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.