უკრაინა თავისუფლებისთვის ბრძოლის ნამდვილი სიმბოლოა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 2 თვის შემაჯამებელ მიმართვაში განაცხადა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა თანხმდება, რომ სწორედ უკრაინაში წყდება ევროპის, გლობალური უსაფრთხოებისა და დემოკრატიული სისტემის ბედი.
ზელენსკის თქმით, 24 თებერვალს მსოფლიოს უმეტესობას არც კი სჯეროდა, რომ უკრაინა ერთ კვირაზე მეტს გაუძლებდა. პრეზიდენტის თქმით, ერთი თვის წინ, უკრაინა ცდილობდა დაერწმუნებინა სხვადასხვა ქვეყანა, რომ უკრაინაზე ფსონი - მოგებას ნიშნავდა. ახლა კი დარწმუნებულია, რომ ეს ყველამ იცის.
"დამოუკიდებლობისთვის ომის, რუსეთ-უკრაინის ომის უკვე მესამე თვე. 24 თებერვალს მსოფლიოში უმეტესობას არც კი სჯეროდა, რომ ჩვენ კვირაზე მეტ ხანს გავძლებდით. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გვიწევდა სხვადასხვა ქვეყნის დარწმუნება, რომ უკრაინაზე ფსონი გამარჯვებას ნიშნავს. და ახლა ეს ყველამ იცის.
ჩვენი დამცველების სიმამაცის, ჩვენი უკრაინელი კაცებისა და ქალების სიმამაცის დახმარებით, ჩვენი სახელმწიფო თავისუფლებისთვის ბრძოლის ნამდვილი სიმბოლოდ იქცა.
უკრაინის ყველა ქალაქსა და თემში რუსეთმა აჩვენა რა უნდა მას რეალურად და რისი მოტანა შეუძლია ევროპისთვის. რისი მოტანა შეუძლია კიშინიოვსა და თბილისში, ჰელსინკში, ვილნიუსში, ვარშავაში, პრაღაში, ყველა ქალაქსა და ქვეყანაში, რომლებიც რუსმა სახელმწიფო პროპაგანდისტებმა უკვე დიდი ხანია, ღიად გამოავლინეს როგორც თითქოსდა მოსკოვის მტრებად.
ორი თვის განმავლობაში მათ ჩვენს წინააღმდეგ 1 100-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს, უამრავი ბომბი და არტილერია. ისინი აწამებდნენ, ძარცვავდნენ, ხვრეტდნენ. მათ დანაღმეს ჩვენი მიწა. ზოგიერთი უკრაინული ქალაქი და სოფელი მიწასთან გაასწორეს. მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ.
ორ თვეში შეიქმნა ომის საწინააღმდეგო გლობალური კოალიცია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულია სანქციები, რომლებმაც მას მომავალი წაართვეს, უკრაინა კი ათობით ქვეყნისგან დახმარებას იღებს როგორც იარაღით, ისე ფინანსებით, საჭირო პროდუქტებით და პოლიტიკურად.
უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. მაშინაც იყო მზად, როდესაც დონბასში ომი გრძელდებოდა. მზად არის ახლაც, როდესაც რუსეთის შემოჭრა სრულმასშტაბიანი გახდა. მაგრამ იმისთვის, რომ რუსეთმა ეძიოს მშვიდობა, თითოეულმა უკრაინელმა უნდა იბრძოლოს, უნდა დაიცვას თავისუფლება," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.