საფრანგეთში პრეზიდენტს ირჩევენ. ზუსტად ერთ საათში გახდება ცნობილი წინასწარი შედეგები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა მომდევნო 5 წლის განმავლობაში - დემოკრატმა ემანუელ მაკრონმა, თუ ულტრამემარჯვენე მარინ ლეპენმა. დღეს პარიზში "კურიერის" არაერთი რესპონდენტი ამბობდა, რომ მათთვის მისაღები არცერთი არ არის, შესაბამისად არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის უწევთ. უარესში ლეპენს მოიაზრებენ, რადგან, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მისი პუტინთან კავშირები, ასევე, ანტისემიტური განწყობები აშინებთ.
მარინ ლეპენი, ორ კანდიდატს შორის იყო პირველი, რომელმაც ხმა მისცა. საარჩევნო უბანზე ულტრა მემერჯვენე პოლიტიკოსი დღის პირველ ნახევარში მივიდა, შეკრებილ მხარდამჭერებს მიესალმა და ხმის მიცემის შემდეგ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. დღის პირველ ნახევარში მეუღლესთან ერთად მივიდა უბანზე მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელსაც ბოლო დღეების გამოკითხვებში შედარებით მზარდი უპირატესობა აქვს. ანალიტიკოსების აზრით, ლეპენი, მიუხედავად მცდელობებისა, შეემსუბუქებინა თავისი პარტიის მკაცრი პოლიტიკა, ბევრისთვის არასასურველ კანდიდატად დარჩა. ამასვე ადასტურებენ ის ჟურნალისტები, რომლებიც დღეს "კურიერს" ესაუბრნენ.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ხმების 27.8% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, "ულტრამემარჯვენე" კანდიდატმა მარინ ლეპენმა კი - 23.1%. კანდიდატები განცხადებებს, სავარაუდოდ, დღეს მოგვიანებით, პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთებენ. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში კი ისინი ერთმანეთს მკაცრად აკრიტიკებდნენ.
საარჩევნო უბნები საფრანგეთის დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს, 20:00-ზე დაიხურება. სწორედ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ არის მოსალოდნელი ეგზიტპოლების გამოქვეყნება, რადგან მანამდე ამომრჩევლებზე შესაძლო გავლენის გამო, პირველადი შედეგები არ ქვეყნდება. მედიის ცნობით, ხმის მისაცემად რეგისტრირებულია დაახლოებით 48,7 მილიონი ამომრჩეველი. იმ შემთხვევაში თუ ემანულე მაკრონი გაიმარჯვებს, ეს საფრანგეთში პრეზიდენტის ზედიზედ ორი ვადის გამარჯვების პირველი შემთხვევა იქნება, ბოლო 20 წლის განმავლობაში.