27 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
საპარლამენტო ბოიკოტი, ქუჩის აქციები და თანამშრომლობა კეზერაშვილთან - რატომ არ იზიარებს ოპოზიცია მელიას იდეას და რას უკავშირებს უმრავლესობა ენმ-ს გეგმებს

პასუხები, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო ბოიკოტსა და ქუჩის აქციებზე ალაპარაკდა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა თავდაცვის ყოფილ მინისტრთან თანამშრომლობაც დააანონსა.

პარლამენტის დატოვება ნიკა მელიას მხოლოდ ოპოზიციაში ერთიანობით ესახება, თუმცა ამ ერთიანობის არ სწამს დანარჩენ ოპოზიციას, მათ საკანონმდებლო ორგანოს დატოვება არ სურთ. ნიკა მელიას ყოფილ მინისტრთან სამომავლოდ თანამშრომლობა კი მმართველი პარტიისთვის "ნაციონალურ მოძრაობის" ფინანსურ ინტერესებს უკავშირდება.

ნიკა მელია დავით კეზერაშვილთან პარტნიორობას აპირებს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძველი, თუმცა მისთვის ახალი მოკავშირე ხდება. თავდაცვის ყოფილ მინისტრთან თანამშრომლობაზე მელიამ საჯაროდ პირველად ისაუბრა. ამბობს, რომ მას რამდენჯერმე შეხვდა (ბოლოს ორი კვირის წინ) და მასთან დაკავშირებით დამოკიდებულებაც შეეცვალა. ყოფილ მაღალჩინოსანს მელია, რამდენიმე წლის წინ, მედიით აკრიტიკებდა - მიზეზი მისი ფინანსები იყო, რასაც კეზერაშვილს ქართული მართლმსაჯულებაც ედავება. 

რატომ შეცვალა მელიამ კეზერაშვილთან მიმართებით რიტორიკა?! - მმართველ გუნდში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განმარტებების არ სჯერათ. განახლებულ პარტნიორობას "ქართული ოცნება" ფინანსურ მხარეს უკავშირებს. 

ახალი პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად ნიკა მელიამ პარტიის პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა. თქვა, რომ გუნდის სტრატეგია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის აქციებს და ბოიკოტსაც -რამდენჯერმე ნაცად მეთოდს. მელია განმარტავს, რომ პარლამენტის დატოვებას შედეგი მხოლოდ ოპოზიციის ერთიანობით ექნება. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საყვედურობს მათ, ვინც პარლამენტში მის გარეშე შევიდა და ახლა პარლამენტში ყოფნისთვის აკრიტიკებს.

მელია ასევე პერსონალურად საუბრობს ზურა ჯაფარიძეზე, რომელმაც მანდატი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. გირჩის ლიდერი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. 

სხვა ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში რჩებიან და ამ საკითხს არც განიხილავენ. განმარტავენ, რომ ბოიკოტის მიზანს დღეს ვერ ხედავენ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ეთანხმებიან, რომ პარლამენტიდან გამოსვლა მხოლოდ ოპოზიციის ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა იყოს. 

სწორი გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში ყოფნაა, ოპოზიციას ეს დღეს მმართველი გუნდიდანაც უთხრეს. "ქართული ოცნება" ბოიკოტის შესაძლებლობაზე ნიკა მელიას განცხადებას მიხეილ სააკაშვილის სურვილებს უკავშირებს. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ იდეას პერსპექტივა არ აქვს, არც ოპოზიციის და არც "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ პარტიის პოლიტიკურ გეგმებზე ფეისბუქ ლაივში ისაუბრა, სადაც ის მოქალაქეების შეკითხვებს გუნდის გარეშე პასუხობდა. ენმ-ს დანარჩენ წევრებს დღეს თავმჯდომარის განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები