უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის დაბომბვა განაახლეს და შტურმის განხორციელებას გეგმავენ.
"მტერი ცდილობს, საბოლოოდ ჩაახშოს მარიუპოლის დამცველთა წინააღმდეგობა "აზოვსტალის" რაიონში. განაახლეს საჰაერო დარტყმები ქარხნის ტერიტორიაზე, ჩვენი ჯარების თავდაცვის ზონაზე და ცდილობენ, განახორციელონ თავდასხმითი ოპერაციები", – განაცხადა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, ქალაქის დამცველები ძალიან მძიმე სიტუაციის მიუხედავად, თავის პოზიციებს ინარჩუნებენ.
უკრაინული მხარის განცხადებით, მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინელი ჯარისკაცია, მათ შორის 500-მდე დაჭრილი. ცოტა ხნის წინ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ დღეს მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.