ნიკა მელიას განცხადებას მალევე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - ექნება თუ არა პერსპექტივა ოპოზიციის ბოიკოტს? - ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არც "ნაციონალურ მოძრაობაშია" კონსესუსი და ერთიანი პოზიცია.
საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს ერთობა ოპოზიციაშიც. საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბოიკოტები არაგონივრულია და საკანონმდებლო ორგანოდან გასვლას არ განიხილავენ.
"უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული ბერკეტი პოლიტიკური ბრძოლისთვის. შესაბამისად ვთვლით, რომ პარლამენტი არის ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი. ისევე, როგორც საკრებულოები და საერთაშორისო ფრონტზე აქტიურობა. სტრატეგია აღმაშენებელი ამ ეტაპზე არ განიხილავს პარლამენტიდან გასვლას,"-აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საგარეო ურთიერთობათა მდივანი გრიგოლ გეგელია კი, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შესაძლო ბოიკოტს არაგონივრულს და გაუაზრებლს უწოდებს.
"ვფიქრობ სანამ იქნება მსგავსი ტიპის საუბრები ჩვენ ძალიან ნათლად უნდა გვქონდეს გააზრებული თუ რა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს შესაძლო ბოიკოტი, რადგან უმიზნოდ ბოიკოტები არ არის გონივრული,"- აცხადებს გრიგოლ გეგელია.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე განცხადებით, ენმ-მ იცის, რომ არჩევნების გზით ვერ მიაღწევს საკუთრ გეგმებს და ერთადერთი გზა რჩება - გამოიყენოს დესტრუქციული ქმედებები და რევოლუციური სცენარი.
"პარლამენტში მუშაობით და არჩევნების გზით ხედავენ, რომ ისინი ვერ გაიმარჯვებენ ვერცერთ არჩევნებში. ამიტომ ფიქრობენ, რომ ერთადერთი გზა გვაქვს დესტრუქციისა, ე.წ. რევოლუცია და ამავდროულად ისინი თვლიან, რომ პარლამენტში ყოფნა დესტრუქციის განხორციელებაში უშლის ხელს.
ვხედავთ, რომ არათუ მთლიანად ოპოზიციურ სპექტრში, თვითონ ნაციონალური მოძრაობაშიც კი არ არსებობს ერთიანობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად არ აქვთ ნათლად წარმოდგენილი თუ რა უნდა იყოს მათი პოლიტიკური დღის წესრიგი,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ Facebook -LIVE-ში მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა, სადაც ნიკა მელია ბოიკოტის საკითხს შეეხო. მისივე განმარტებით, პარლამენტის დატოვება ან თავისუფლების მოედანზე გამოსვლა ვერ იქნება სტრატეგია, არამედ ეს ყველაფერი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს.